Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პარლამენტი კვლავ თბილისსა და ქუთაისს შორის


პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში

ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების მიხედვით დაზუსტდება და პირველი სხდომა, სულ გვიან, 19 ნოემბერს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომები კვლავ ქუთაისში გაიმართება და თანაც, პრემიერ-მინისტრის დაპირების თანახმად, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი აღარ გადაიხედება რამდენიმე წლის განმავლობაში. რატომ დაკარგა აქტუალობა პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის? თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.

გადმოწერა

„ქართული ოცნება“ – 115 დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 27 დეპუტატი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 6 დეპუტატი და კიდევ 2 –დამოუკიდებელი დეპუტატი – ამ ეტაპზე ცესკოში არსებული მონაცემებით, მე-9 მოწვევის პარლამენტს სწორედ ასეთი შემადგენლობა ექნება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის გამოთვლით, პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების საბოლოო, შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს:

ჩემი ინფორმაციით, გუშინ დასრულდა მეორე ტურის შემდეგ გასაჩივრების ვადა და 260-მდე საჩივარია აღრიცხული. ამ საჩივრებს თავისი განხილვის წესი აქვთ, ისინი შესაძლოა სასამართლოში გასაჩივრდეს და ასე შემდეგ – ყველაფერი ეს დარკვეულ ვადასთან არის დაკავშირებული... თუ მოხდა ისე, რომ ჩვენ მოგვიწია მეოცე დღეს შეხვედრა, ეს იქნება 19 ნოემბერი – შაბათი დღე...
გიორგი კახიანი

„მოგეხსენებათ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამისათვის აქვს (არჩევნების) მეორე ტურიდან, მაქსიმუმ, 19 დღე და მეორე ტურის შემდგომ, არაუგვიანეს 20 დღისა, უნდა ჩატარდეს პარლამენტის პლენარული სხდომა... ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოკიდებულია საჩივრების მსვლელობაზე. ჩემი ინფორმაციით, გუშინ (1 ნოემბერს) დასრულდა მეორე ტურის შემდეგ გასაჩივრების ვადა და 260-მდე საჩივარია აღრიცხული. ამ საჩივრებს თავისი განხილვის წესი აქვთ, ისინი შესაძლოა სასამართლოში გასაჩივრდეს და ასე შემდეგ – ყველაფერი ეს დარკვეულ ვადასთან არის დაკავშირებული... თუ მოხდა ისე, რომ ჩვენ მოგვიწია მეოცე დღეს შეხვედრა, ეს იქნება 19 ნოემბერი – შაბათი დღე“.

გიორგი კახიანი ახალი პარლამეტის ამოქმედებას რაც შეიძლება სწრაფად ისურვებდა, რადგანაც – ახალი მთავრობის დამტკიცების საკითხის გარდა, მისი თქმით, სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი, რომლის მიღებასაც უკვე ვეღარ შეძლებს მერვე მოწვევის პარლამენტი. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, არჩევნების მეორე ტურის გამო, პროცესმა მეტი დრო მოითხოვა და გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზებიც გამოავლინამ, ბიუჯეტის შესახებ კანონის დამტკიცების ვადების მიმართ.

ასეა თუ ისე, პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი გახსნის, აუცილებლად ისევ ქუთაისში გაიმართება – დღეს მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად. მართალია, „ქართულ ოცნებას“ ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არ გაუჭირდება, ფაქტია, რომ მმართველ პარტიას ძველებური სურვილი აღარ ამოძრავებს პარლამენტის მთლიანად თბილისში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით. ეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც აღნიშნა 29 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„...რამდენიმე წელი მაქვს მხედველობაში, – არავითარ შემთხვევაში არ დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში და მინდა ვთქვა, რომ დღეს არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში - უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში... ამიტომ, ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირ პრობლემას არ ქმნის. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ უნდა იყოს აქტივიზირებული უახლოეს მომავალში, რამდენიმე წელიწადში... თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იქნას ქუთაისის მოსახლეობასთან ეს საკითხი ძალიან აქტიურად განხილული და მიღებული მათგან თანხმობა“.

რატომ აღარ გამოხატავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძველებურ მონდომებას პარლამენტის თბილისში დაბრუნების თემასთან დაკავშირებით?

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი ალიკა კუპრავა აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმერეთის რეგიონის და, კერძოდ – ქუთაისის მკვიდრთა გაღიზიანებას ერიდება, ანდა, მართლაც, სათანადოდ შეაფასა ეკონომიკური სარგებელი, რომელიც რეგიონმა მიიღო საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის ქუთაისისთვის მინიჭებით. თუმცა, ანალიტიკოსი სავარაუდო პოლიტიკურ შემადგენელზეც საუბრობს, რომელიც შეიძლება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც გაითავისა და ხელსაყრელად მიიჩნია:

„...ყველა საპროტესტო მანიფესტაცია, რომელიც წარსულში ჩატარებულა, იმართებოდა ხოლმე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან, რადგანაც პროტესტის ეპიცენტრი, ხშირ შემთხვევაში, იყო რუსთაველის გამზირი და შესაძლოა, ამ მიმართულებაზეც იყოს (ხელისუფლების) გათვლა, რომ დედაქალაქიდან პარლამენტის გადატანა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ პროტესტი იქ, თუნდაც ხალხის შეკრების თვალსაზრისით, შეიძლება იყოს პრობლემური“.

პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხის მიმართ „ქართული ოცნების“ ერთ დროს ძალიან დიდი ინტერესის შესუსტებას საკითხის მარგინალიზებით ხსნის კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია. ამასთანავე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ – შესაძლოა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო შეხვედრების დროს უკეთ დაინახეს ქუთაისელების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და ამიტომაც აიღეს ხელი განზრახვაზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG