Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

სომხეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები.

ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე სომხეთის მოქალაქეების 58,7%-მა პროცენტმა, ანუ 1 467 597 ადამიანმა.

საარჩევნო უბნები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიხურა.

მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლა. წინასწარი მონაცემები მოგვიანებით გამოცხადდება.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18 პოლიტიკურმა ძალამ - 16 პარტია და 2 საარჩევნო ალიანსი.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კენჭისყრის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხურ პროდუქციას საბაჟო გადასახადის გარეშე გაუხსნის გზას.

არჩევნებში მონაწილე ძირითადი და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტები:

  • „სამოქალაქო შეთანხმება“ (Civil Contract): მოქმედი მმართველი პარტია პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით. მათი პლატფორმა ევროკავშირთან დაახლოებასა და დასავლურ ორიენტაციას ეფუძნება.
  • ბლოკი „სომხეთის ალიანსი“ (Armenia Alliance): მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური ძალა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს.
  • ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ (Strong Armenia): ახალი გავლენიანი პრორუსული გაერთიანება, რომლის ზურგს უკანაც მოსკოვში მოღვაწე მილიარდერი სამველ კარაპეტიანი დგას.
  • „აყვავებული სომხეთი“ (Prosperous Armenia): მსხვილი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გაგიკ წარუკიანის პარტია, რომელიც ასევე მკვეთრად ოპოზიციურ და პრორუსულ ფლანგზე პოზიციონირებს.
  • „ერთობის ფრთები“ (Wings of Unity): ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოფილმა ომბუდსმენმა არმან თათოიანმა დააფუძნა.
  • „სომხეთის ეროვნული კონგრესი“ (ANC): პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტია.


ყოფილი მმართველი ძალა, სერჟ სარქისიანის „რესპუბლიკური პარტია“, ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასში არ მონაწილეობს.

სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის ძირითადი კონკურენტები პრორუსული ძალები არიან. მათ რიგებშია კრემლის რჩეული - დაპატიმრებული მილიარდერის სამველ კარაპეტიანის პოლიტიკური ალიანსი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG