მადრიდის ქუჩებში 7 ივნისს 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რათა დასწრებოდნენ პაპ ლეონ XIV-ის მიერ ჩატარებულ ღვითსმსახურებას, რომელზეც მან ესპანეთში კათოლიკური სარწმუნოების განახლებისკენ მოუწოდა ხალხს.
მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია შეუერთდნენ სიბელესის მოედანზე რელიგიური სიმბოლიკით სავსე სალოცავად შეკრებილ მორწმუნეებს, რომლებიც ესპანეთისა და ვატიკანის დროშებს აფრიალებდნენ.
თავის ქადაგებაში პაპმა ლეონმა განაცხადა, რომ ესპანელებმა რელიგიას არ უნდა შეხედონ, როგორც „წარსულის მუზეუმს, რომელიც უნდა მოინახულონ, არამედ როგორც რწმენის სკოლას, საიდანაც დღესაც შეუძლიათ სწავლა“.
ღვთის მსახურება პაპი ლეონის შვიდდღიანი ვიზიტის მეორე დღეს ტარდება ესპანეთში, ტრადიციულად კათოლიკურ ბასტიონში, სადაც რელიგიური რიტუალები ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა, დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილის მსგავსად.
თავყრილობისთვის მასშტაბური ლოგისტიკური და უსაფრთხოების ოპერაცია ჩატარდა. პაპმა თეთრი და ყვითელი მიხაკებით - ვატიკანის დროშის ფერებით - მორთული მარშრუტით ტრადიციულ მსვლელობას უხელმძღვანელა
ორგანიზატორების თქმით, მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
კვირას, მოგვიანებით, ლეონ XIV არენაზე ხვდება კულტურის, სპორტისა და ეკონომიკის წამყვან ფიგურებს, რათა ხელი შეუწყოს რწმენასა და თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის განვითარებას.
სოციოლოგიური კვლევის ცენტრის - რომელიც ავტონომიური სამთავრობო ორგანოა - გასულ თვეში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ესპანელთა დაახლოებით 56 პროცენტი თავს კათოლიკედ მიიჩნევს. 1970-იან წლებში ეს მაჩვენებელი 90 პროცენტი იყო.
შაბათს, პაპ ლეონთან ერთად, 500 ათასი ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, შეიკრიბნენ „რეალ მადრიდის ბერნაბეუს“ სტადიონთან სალოცავად, რომელიც ღამემდე გაგრძელდა.
ლეონმა ვიზიტი პომპეზურად და საზეიმო ვითარებაში დაიწყო მადრიდის სამეფო სასახლეში გამართულ მიღებაზე.
პაპმა ასევე „ხალხებს შორის მშვიდობისა და სოლიდარობის აქტიური ერთგულებისთვის“ შეაქო ესპანეთი - რომლის მემარცხენე მთავრობაც, თავის მშობლიურ შეერთებულ შტატებთან და ასევე ისრაელთანაც, აზრთა სხვადასხვაობა აქვს ახლო აღმოსავლეთში ომების გამო.
ლეონ XIV სამშაბათს და ოთხშაბათს ბარსელონას ეწვევა, სადაც აკურთხებს ანტონი გაუდის 1882 წელს დაწყებული „საგრადა ფამილიას“ ბაზილიკის ახლახან დასრულებულ კოშკს, რომელმაც ის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ეკლესიად აქცია.
პაპის მოგზაურობა დასრულდება პარასკევს, კანარის კუნძულებზე. ეს კუნძულები სამხრეთიდან უკანონო მიგრაციის მთავარი მიზანია. ლეონ XIV იქ მიგრაციის გარშემო ილაპარაკებს. კანარის კუნძულებთან ათასობით ადამიანი იღუპება ატლანტის ოკეანეში ამ ადგილის მიღწევის მცდელობისას.
ფორუმი