Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა „სპეციალური საზღვაო ოპერაცია“ დაიწყო ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 

ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდებმა წყლის ქვემეხებიდან "ესროლეს" ფილიპინების გემს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, 2024 წლის 4 მაისი.
ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდებმა წყლის ქვემეხებიდან "ესროლეს" ფილიპინების გემს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, 2024 წლის 4 მაისი.

ჩინეთმა ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან „სპეციალური საზღვაო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პეკინის განმარტებით, ეს არის პასუხი იაპონიასა და ფილიპინებს შორის ამ რაიონში საზღვაო საზღვრების დელიმიტაციის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე, რასაც ჩინეთი საკუთარი ტერიტორიული სუვერენიტეტისა და საზღვაო უფლებების ხელყოფად მიიჩნევს.

პეკინი ჩინეთის მიმდებარე აკვატორიების მნიშვნელოვან ნაწილზე აცხადებს პრეტენზიას და ამ საკითხზე როგორც იაპონიასთან, ისე ფილიპინებთან დავობს.

სააგენტო „სინხუას“ ცნობით, „სპეცოპერაციის“ მიზანია „ზღვაზე ჩინეთის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი იურისდიქციის განხორციელება, შორეულ საზღვაო რაიონებში საპატრულო და სამართალდამცავი შესაძლებლობების გაძლიერება, საკვანძო აკვატორიებში მოძრაობის რეგულირება, საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეროვნული უფლებებისა და ინტერესების დაცვა“.

იაპონიამ და ფილიპინებმა ტაივანის აღმოსავლეთით მდებარე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოს უმცროსის იაპონიაში ბოლო ვიზიტის დროს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონია და ფილიპინები გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ტაივანის საქმეთა ოფისში განაცხადეს, რომ წყლები, სადაც განიხილება საზღვაო საზღვრის გავლება, კუნძულ ტაივანის მახლობლად მდებარეობს.

საპასუხოდ, ტაივანის სანაპირო დაცვის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩინეთს აღმოსავლეთის წყლებზე სუვერენული უფლებები არ გააჩნია. კუნძულის ხელისუფლებამ ჩინური ძალების მონიტორინგისთვის ხუთი ხომალდი და ერთი საპატრულო კატერი გაგზავნა. ტაივანელი სამხედროების განცხადებით, ისინი წარმატებით აკვირდებიან იმ ჩინური გემების გადაადგილებას, რომლებიც სიამენის პორტიდან გავიდნენ და ტაივანის სამხრეთ-დასავლეთის წყლებისკენ გაემართნენ.

პეკინი ტაივანს საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს და ეწინააღმდეგება სხვა სახელმწიფოების ოფიციალურ კონტაქტებს კუნძულის ხელისუფლებასთან. თავის მხრივ, ტაივანის ხელისუფლება უარყოფს ჩინეთის მიერ შეთავაზებულ მოდელს — „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“, რომელსაც პეკინი შესაძლო გაერთიანების საფუძვლად განიხილავს. იაპონია და ფილიპინები კი ტაივანის გარშემო ჩინეთის მზარდ აქტივობას საკუთარი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიქვამენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG