შსს სამინისტროს ცნობით, 7 ივნისს სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაური.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.
ორი კვირის წინ, 23 მაისს ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე. მაშინ სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ავტომობილში, ქალაქ ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე.
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს გამორჩეული, ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის და ჩვენი სამსახურისთვის", - ნათქვამი იყო სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ცნობილი გახდა რამდენიმე გახმაურებული ფაქტი, როცა გამოძიება 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო:
- შემთხვევა ხაშურში (2026 წლის მაისი) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი ხაშურში, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სხეულზე აღენიშნებოდა ჭრილობა, რომელიც მიყენებული იყო „თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით“. საქმეზე გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო.
- სიმონ წაქაძის საქმე თბილისში (2026 წლის იანვარი) - ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი, სიმონ წაქაძე, სუს-ის თბილისის მთავარ შენობასთან ახლოს, საკუთარ მანქანაში იპოვეს გარდაცვლილი. შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცავებმა ამოიღეს სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი და გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელიც მანქანის გვერდითა სავარძელზე იდო. სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილს ცოტა ხნით ადრე საზღვარგარეთ ჩატარებული ჰქონდა ბარიატრიული ოპერაცია (კუჭის დაპატარავება), რის შემდეგაც ჯანმრთელობის მძიმე გართულებები და წონის მკვეთრი კლება დაეწყო. უწყება პირველადი მონაცემებით სუიციდს ადასტურებდა.
- შემთხვევა ჩაქვში (2025 წლის ოქტომბერი) - სუს-ის კიდევ ერთი თანამშრომლის ცხედარი აჭარაში, დაბა ჩაქვში აღმოაჩინეს. Civil.ge-სთან საუბარში უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ საქმეზე მხოლოდ ერთი ძირითადი ვერსია — თვითმკვლელობა განიხილებოდა, რაც სხვადასხვა მტკიცებულებებით იყო გამყარებული.
- შემთხვევა სუს-ის კაბინეტში (2020 წლის მაისი) - შემთხვევა უშუალოდ სუს-ის ცენტრალურ შენობაში, სამუშაო ოთახშიც მოხდა. სამეურნეო ნაწილის თანამშრომელმა სიცოცხლე საკუთარ სამუშაო კაბინეტში, ცეცხლსასროლი იარაღით გასროლით დაასრულა.
ფორუმი