Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განაჩენამდე „მოხდილი“ სასჯელი - აქტივისტმა, რომელსაც ერთი წელი ემუქრება, უკვე ექვსი თვე გაატარა ციხეში

ფოტოილუსტრაცია. ზურა მენთეშაშვილი
ფოტოილუსტრაცია. ზურა მენთეშაშვილი

ზურაბ მენთეშაშვილს სასჯელის ნახევარი მისჯამდე მოახდევინეს. ის პირველი აქტივისტია, რომელიც რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტვის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით დააკავეს. 61 წლის კაცს მაქსიმუმ ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა წინასწარ პატიმრობაში უკვე ექვსი თვე გაატარა.

ზურაბ მენთეშაშვილის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მხოლოდ ახლა გადავიდა დასკვნით ეტაპზე.

ადვოკატ ჯანო ჭკადუას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პროცესი „ბრალდების მხარემ ხელოვნურად გაწელა“, თორემ შეიძლებოდა მალე მორჩენილიყოო, ამბობს ის.

პროკურატურას „ხან ორი მოწმე მოჰყავდა, ხან ერთი, ხან საერთოდ არ მოჰყავდა მოწმეები“, - აღნიშნავს იგი.

ზურაბ მენთეშაშვილი, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პროდასავლური აქციების ყოველდღიური მონაწილე, 31 ოქტომბერს ქუჩის გადაკეტვის გამო დააკავეს სისხლის სამართლის მუხლით.

იმის გამო, რომ ის მანამდე ამავე მიზეზით ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მას შეეხო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული და დაჩქარებული წესით მიღებული კანონი, რომლის თანახმად, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.

თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ზურაბ მენთეშაშვილს მოსამართლე ლია გარშაულიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე კი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილია.

33 წლის ნინო გალუსტაშვილმა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა 2023 წელს ჩააბარა. მას დაეწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას დაკავებული დემონსტრანტების საქმეები.

  • მათე დევიძე - მიუსაჯა 4 წელი და 6 თვე;
  • გიორგი მინდაძე - მიუსაჯა 5 წელი;
  • თემურ ზასოხაშვილი - მიუსაჯა 4 წელი და 6 თვე;
  • დავით ლომიძე - მიუსაჯა 4 წელი და 6 თვე;
  • დავით ხომერიკი - მიუსაჯა 4 წელი და 6 თვე.
  • ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტი - ორ-ორი წელი.


ნინო გალუსტაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ნიკა მელიას, გიორგი ვაშაძისა და გივი თარგამაძის საქმეებზე. მელიას მან 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ვაშაძეს და თარგამაძეს კი 7-7-თვიანი.

მან განიხილა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმე და მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მცხეთაში დაბადებულმა გალუსტაშვილმა სამართალმცოდნეობა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ისწავლა, მაგისტრის დიპლომი კი დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში აიღო.

ნინო გალუსტაშვილის ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:

  • 2016 წელს იყო სტაჟიორი და შემდეგ კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი მცხეთის რაიონულ სასამართლოში;
  • 2016-2017 წლებში იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივანი;
  • 2018-2020 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სხდომის მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოში;
  • 2020-2023 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში.


მოსამართლის რანგში ნინო გალუსტაშვილს ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია, 2024 წლის ნოემბერში შევსებული ერთადერთი დეკლარაცია მას მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსით აქვს შევსებული.

ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ არ არის დაოჯახებული, მასზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის, არც დანაზოგი არ აქვს და არც ძვირადღირებულ საჩუქრებს არ იღებს. ერთადერთი საჩუქარი, რომელიც ამ დოკუმენტში უჩანს, მამისგან მიღებული ავტომობილია. 2024 წლის აგვისტოში მამამ მომავალ მოსამართლეს 2019 წლის MERCEDES-BENZ GLS 53 AMG აჩუქა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია, მისი საქმე სასამართლომ პრიორიტეტულად უნდა განიხილოს, მაგალითად გირაოს საფუძველზე გათავისუფლებული ბრალდებულის საქმისგან განსხვავებით.

„კანონი ეუბნება სასამართლოს, რომ შენ საქმის განსახილველად გაქვს 9-თვიანი ვადა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხრა თვე სრულად უნდა გამოიყენო. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა საქმის სირთულის, მოწმეთა სიმრავლის გამო სასამართლო იძულებულია, 9 თვის განმავლობაში გააგრძელოს განხილვა. ამ საქმის შემთხვევაში ასე არ ყოფილა“, - ამბობს ჯანო ჭკადუა და სიზუსტისთვის ამატებს, რომ „რვა მოწმის გამოკითხვას და ვიდეოს შესწავლას პროკურატურამ ნახევარი წელი მოანდომა“.

პროკურორმა მაია ჟვანიამ უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების კითხვებისთვის. მან 15 მაისის სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

„ზურაბ მენთეშაშვილმა ჩაიდინა შეკრების ჩატარების წესის დარღვევა, 2025 წლის 31 ოქტომბერს იმყოფებოდა პარლამენტის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე. სახე ჰქონდა დაფარული პირბადით და ხელოვნურად კეტავდა გზას, როცა ხალხის რაოდენობის გამო არ არსებობდა ამის აუცილებლობა.

ის ერთხელ უკვე დაჯარიმებული იყო, ამიტომ მოგვცა ეს შემადგენლობა.

ნივთიერი მტკიცებულებები დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ის იყო რუსთაველზე და დაარღვია შეკრების წესი. აღნიშნული ჩანს ვიდეოკამერის ჩანაწერებში. ვიდეოში ჩანს ხალხის მცირე რაოდენობა“, - თქვა პროკურორმა.

მისივე განცხადებით, ზურაბ მენთეშაშვილის ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა.

ადვოკატ ჯანო ჭკადუას თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც ზურაბ მენთეშაშვილი სამართლდება, არაკონსტიტუციურია.

მისი დასკვნითი სიტყვის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გასაზღვრავს ისეთ ქმედებას, რომელსაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი იცავს - მათ შორის ნიღბის ტარებას ან ისეთ შეკრებებში მშვიდობიან მონაწილეობას, რომლებიც კანონის დარღვევად მიიჩნევა, ან გზის სავალი ნაწილის ბლოკირებას.

„აღნიშნული ცვლილებები თავისუფლების აღკვეთას სტანდარტულ სასჯელად აქცევს. შესაბამისად, შედეგად ვიღებთ შეკრების თავისუფლებაში ჩარევასა და ინტენსიურ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმას, მხოლოდ მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ვიდეომტკიცებულება ზურაბ მენთეშაშვილის სიმართლეს ადასტურებს და არა ბრალეულობას. ამ მტკიცებას არ იზიარებს პროკურატურა.

„ვიდეომტკიცებულების გამოკვლევამ და დათვალიერების ოქმმა ერთობლივად უტყუარად დაადასტურა, რომ გზის გადაკეტვაში მონაწილეობა არ მიუღია დროშებიან პირს. ის აქციაზე ჩნდება მხოლოდ და მხოლოდ გზის გადაკეტვიდან 25 წუთი შემდეგ და არ იღებს მონაწილეობას გზის გადაკეტვაში. ამასთან, გზაზე გადასვლის დროს ის არ დგება აქციის მონაწილეებს შორის, არამედ მიდის, ესაუბრება მათ და მერე გადადის გზის მეორე მხარეს, ხოლო იქიდან მობრუნებულს საპატრულო პოლიცია ყველა აქციის წევრს ატოვებინებს საავტომობილო გზას. ასევე აღნიშნულმა ვიდეომტკიცებულებამ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილას არ იმყოფებიან ადმინისტრაციულ დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები“, - თქვა ჭკადუამ.

მხარეები საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადავიდნენ, რომლითაც მომდევნო სხდომაზე ისარგებლებს ბრალდებული ზურაბ მენთეშაშვილი. ის დაკავების დღიდან შიმშილობს, რაც ადვოკატის თქმით, არასაკმარისი კალორაჟის საკვების მიღებაში გამოიხატება.

მორიგი სასამართლო სხდომა 29 მაისს ჩაინიშნა.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG