7 მაისს მას შევხვდით დემოგრაფიის საკითხებზე მიძღვნილ ორდღიან კონფერენციაზე, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ინიციატივაა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, როგორც საქართველო, ისე მაკედონია იმ ქვეყნების სიის სათავეში არიან, სადაც მოსახლეობა ყველაზე სწრაფად მცირდება.
მაკედონია, ორ მილიონზე ნაკლები მოქალაქით, ეთნიკურად, რელიგიურად და ენობრივად ჭრელი ქვეყანაა. საქართველოს მსგავსად, მას აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოსგან განსხვავებით კი - ნატოს წევრობა. საქართველოს მსგავსად, მაკედონიაშიც მოსახლეობის თითქმის 30% დედაქალაქში ცხოვრობს, ემიგრანტების წილი კი, სხვადასხვა მონაცემით, 20%-დან 30%-მდე მერყეობს. რაც ამ პატარა ბალკანურ ქვეყანას საქართველოსგან განასხვავებს, არის მიდგომა, რომ ევროკავშირის დახმარებით, შეძლებს უკეთესი ინფრასტრუქტურის და სერვისების შექმნას და საკუთარი მოქალაქეების უკან დაბრუნებას.
და როგორია საქართველოს დემოგრაფიული პროფილი? რით მისდევს და სად ვარდება მსოფლიო ტენდენციებიდან?
დავიწყოთ შობადობით, რომელსაც პრობლემად აღიარებს საქართველოს ხელისუფლებაც, თუმცა ირაკლი კობახიძე მის ფესვებს არა ეკონომიკური თუ სოციალური გაუმართაობით ხსნის, არამედ ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებით.
გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევით, რომელიც საქართველოსაც მოიცავს, რეპროდუქციული ასაკის ადამიანების 20% ამბობს, რომ არ შეუძლია ჰყავდეს იმდენი შვილი, რამდენსაც ისურვებდა.
ამ კვლევისთვის გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ ფინანსური პრობლემები უშლის ხელს იმხელა ოჯახი ჰყავდეს, რამხელასაც ისურვებდა. ხუთიდან ერთი კი ამბობს, რომ მომავლის ეშინია, ეს ომის, პანდემიების, კლიმატური ცვლილებების შესახებ ფიქრებს აერთიანებს და გავლენას ახდენს შვილების გაჩენის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემები აჩვენებს, რომ პირველი და მეორე შვილის ყოლის გადაწყვეტილება გაცილებით რთულია, ვიდრე მრავალშვილიანობის.
2014 წლიდან მკვეთრად არის შემცირებული როგორც პირველი, ასევე მეორე შვილის გაჩენის შემთხვევები. 2023 წლიდან ჩნდება მესამე შვილის ყოლის ტენდენციის კლებაც.
კიდევ ერთი მიმართულება, რაც მონაცემებში ჩანს, ისაა, რომ უკვე გაჩენილ შვილებთან ერთად ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებას ყოველ წელს ათასობით ოჯახი იღებს. მხოლოდ 2025 წელს, ოცი ათასს აღწევს 18 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც საქართველო დატოვეს.
სახალხო დამცველის ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ბოლო 5 წელიწადში, 2020 წლის შემდეგ, 22 737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და საზღვარგარეთ წავიდა ოჯახთან ერთად. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 და 2023 წლებში იყო და მონაცემებზე პიკი 2025 წელს გადავლილად ჩანს, თუმცა შარშან 2020 წელთან შედარებით, თითქმის სამჯერ მეტია ქვეყნიდან ოჯახებთან ერთად წასული ბავშვების რაოდენობა.
ნაკლები ბავშვი არა მხოლოდ მოსახლეობის შემცირებას, მოსახლეობის უფრო სწრაფ და თვალშისაცემ დაბერებასაც იწვევს - სხვაგვარად ეს იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში იმ ქვეყნებში, სადაც ახალშობილთა რაოდენობა იკლებს, ახალგაზრდების რაოდენობას ხანდაზმულთა რაოდენობა აჭარბებს, ეს კი ასიმეტრიას იწვევს შრომის ბაზარზეც და ეკონომიკურ ლანდშაფტშიც. საქართველოში მცხოვრებლებიდან დღეს თითქმის ყოველი მეხუთე 65 წელსაა გადაცილებული.
მოსახლეობის დაბერება გლობალური ტრენდია, თუმცა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან უფრო დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა. ქალები საქართველოში 5 წლით ნაკლებს ცხოვრობენ, კაცები 8 წლით.
დემოგრაფიული სურათის შემადგენელი ნაწილია დასაქმებაც - ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში დასაქმების მაჩვენებელი ყველანაირად ჩამორჩება ევროპულ მაჩვენებლებს.
- ევროკავშირში, 2025 წლის მდგომარეობით, დასაქმების მაჩვენებელი 76,1%-ია, საქართველოში 46,9%;
- ევროპის კავშირში დასაქმებულია ქალთა 71,3%, საქართველოში მხოლოდ 55%;
- 25%-იანი სხვაობაა კაცების დასაქმების კუთხით.
ქვეყნების დემოგრაფიული პროფილების მნიშვნელოვანი კომპონენტია ემიგრაცია - საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ მზარდია როგორც საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სხვა ქვეყნებში მიდიან საცხოვრებლად, ასევე საქართველოში ჩამოსული იმიგრანტების რიცხვი - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის საცხოვრებლად, ვიდრე აქედან მიდის. ამ პროპორციის შედეგია ის, რომ საყოველთაო აღწერის უახლესი მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 2014 წელთან შედარებით შემცირებული არ არის. მეტიც, აი, მაგალითად ბათუმში, მოსახლეობა 53%-ით გაიზარდა, თუმცა ძირითადად რუსი მიგრანტების ხარჯზე.
ფორუმი