Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის გამოჟონილი ანგარიში: იზრდება ავღანეთისა და ირანის, ასევე რუსი ვეტერანების მხრიდან ტერორიზმის საფრთხე

საილუსტრაციო ფოტო: ბრიუსელის მეტროში მომხდარი ტერაქტი. 22 მარტი, 2016 წელი
საილუსტრაციო ფოტო: ბრიუსელის მეტროში მომხდარი ტერაქტი. 22 მარტი, 2016 წელი

რადიო თავისუფლება გაეცნო ევროკავშირის საფრთხეების შესახებ გამოჟონილ ინფორმაციას. ის შეიცავს გაფრთხილებას ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საშიშროებაზე. ანგარიშის შემქმნელები ხედავენ მზარდ საფრთხეს ავღანეთიდან, ირანიდან, ისევე როგორც უკრაინაში ნაომარი რუსი სამხედროებისგან.

შეფასების თანახმად, ევროკავშირში საფრთხის დონე „მაღალი რჩება“, ხოლო „ისლამისტურ/ჯიჰადისტური ტერორიზმი“ კვლავ ყველაზე დიდი შეშფოთების საგანია.

ეს შეფასება იმეორებს ევროპოლის, ბლოკის საერთო სამართალდამცავი ორგანოს, შეფასებას, - მან მარტში ტერორისტული საფრთხე შეაფასა, როგორც „მწვავე“.

23-გვერდიანი დოკუმენტი მომზადებულია ევროკავშირის საბჭოს მიერ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მთავრობებს წარმოადგენს. ის ძირითადად მოიცავს 2025 წლის მოვლენებსა და ტენდენციებს და არა ირანში მიმდინარე ომის გამო გაჩენილ საფრთხეს. ამის მიუხედავად, დოკუმენტი მაინც გვაფრთხილებს, რომ „ესკალაციამ“ ირანში „გამოიწვია დამატებითი შეშფოთება, როგორიცაა ირანის მოკავშირე ძალების, შესაძლო “მძინარე უჯრედების”, შესაძლო გააქტიურება ევროპაში საპასუხო ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად“, განსაკუთრებით „იმ ქვეყნებში, სადაც დიდი ან მნიშვნელოვანი ებრაული და მუსლიმური თემებია“.

ავღანეთთან დაკავშირებით, ანგარიში გვაფრთხილებს, რომ ექსტრემისტული დაჯგუფების რეგიონული შტო, „ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინცია“, კონტინენტისთვის „ერთ-ერთ მთავარ გარე საფრთხეს“ წარმოადგენს და დასძენს, რომ დაჯგუფება „აგრძელებს აქტიურობას, ინტერნეტით პროპაგანდის გავრცელების ჩათვლით, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებზეა მიმართული“.

წელს ევროპაში რამდენიმე დადასტურებული ტერორისტული თავდასხმა მოხდა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ლონდონში ორი ებრაელი კაცი დაჭრეს, რაც ბრიტანეთის პოლიციამ ტერორისტულ ინციდენტად შეაფასა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პროირანულმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰარაქათ აშაბ ალ-იამინ ალ-ისლამიამ“ აიღო, რომელიც, ვარაუდობენ, რომ კავშირშია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC).

გაჟონილ დოკუმენტში აღწერილია, თუ როგორ განვითარდა საფრთხეების ბუნება: „ორგანიზებულმა ტერორისტულმა ქსელებმა დიდწილად დაკარგეს თავიანთი ადრინდელი ოპერატიული მასშტაბი, მაგრამ ექსტრემიზმით შთაგონებული ცალკეული პირების მიერ ძალადობის ჩადენის პოტენციალი კვლავ არსებობს“.

ისევე, როგორც ლონდონში ბოლოდროინდელი თავდასხმის შემთხვევაში, შეფასებაში აღნიშნულია, რომ ისლამისტების თავდასხმები და შეთქმულებები „ძირითადად მოიცავს ადვილად ხელმისაწვდომ და შედარებით მარტივ საშუალებებს, კერძოდ, ცივ და ბლაგვ იარაღს, ცეცხლსასროლ იარაღს ან თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებსა და მანქანებს, რომლებიც მარტივად მოქმედებს.”

ერთ-ერთი ახალი საგანგაშო ტენდენცია, რომელიც გამოიკვეთა, არის - 12 წლის ასაკიდან - არასრულწლოვანების გადაბირება, განსაკუთრებით ისეთ ონლაინ პლატფორმებზე, როგორიცაა Telegram-ი და TikTok-ი. ამის საპასუხოდ, ერთ-ერთი რეკომენდაციაა, ევროკავშირმა ამ პლატფორმებისგან მოითხოვოს, შეანელონ თავიანთი ე.წ. ალგორითმული გავრცელება, რაც არასრულწლოვანებისთვის გაცილებით გაართულებს ინტერნეტში ექსტრემისტული ხასიათის შინაარსის აღმოჩენას და მასთან კონტაქტს.

საფრთხეების შეფასებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის გავლენა ტერორისტულ საფრთხეზე როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში, ჯერჯერობით შეზღუდულია“.

თუმცა ის გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ საომარი მოქმედებების ზონიდან მცირე იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ნაკადს „საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგები მოჰყვება“.

ბრიუსელი ასევე შეშფოთებულია რუსი ყოფილი მებრძოლების ევროკავშირში შეღწევისა და დანაშაულებრივ საქმიანობაში ან სხვა ძალადობრივ აქტებში ჩართვის პოტენციალით. რუსეთმა უკრაინაში საბრძოლველად დაახლოებით 180 000 პატიმარი გაიწვია.

ამ ყოფილი ჯარისკაცებისთვის ე.წ. შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვის დაწესების წინადადება ივნისში უნდა წარადგინონ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG