„მიუხედავად იმისა, რომ ეს დაკავება მცირე წინგადადგმული ნაბიჯია, ის არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ უფრო ფართო სურათს, სადაც პოლიციისა და სხვა სამოქალაქო პირების მიერ მედიაპროფესიონალებზე თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება“, - აცხადებს IPI.
თავდასხმა გურამ როგავაზე
2024 წლის 29 ნოემბერს, დედაქალაქში მასშტაბური აქციების ძალადობრივად დაშლის მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა გურამ როგავაზე იძალადა. ამ დროს როგავა „ფორმულის“ პირდაპირ ეთერში მუშაობდა და აქციაზე პოლიციელების მხრიდან გამოჩენილ ძალადობას აღწერდა.
მკურნალი ექიმის შეფასებით, გურამ როგავას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა. ის რამდენიმე დღით დატოვეს კლინიკაში.
გამოუძიებელი საქმე
ამ თავდასხმიდან წელიწადი და ხუთი თვე იყო გასული - ამ ხნის მანძილზე ათობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით არავინ დაუკავებიათ. მაღალი თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ ნიღბების გამო მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა.
სავარაუდო თავდამსხმელი
6 მაისს ტელეკომპანია „ფორმულის“ წამყვანმა და ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმა მოამზადა საგამოძიებო სიუჟეტი, რომელიც გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელს შეეხებოდა. ჟურნალისტი ამბობდა, რომ „სისტემიდან რამდენიმე, სხვადასხვა წყაროს“ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა.
ინფორმაცია, ტელეარხის ცნობით, მიაწოდეს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, მოქმედმა თანამშრომელმა, და ეს ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაუდასტურა მათ.
ჟურნალისტური გამოძიების წყაროების თანახმად, - რომელთა ვინაობაც დაზუსტებული არ არის, - სავარაუდო თავდამსხმელი
- ირიცხებოდა „მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარ სამმართველოში“;
- იყო ე.წ. დამრბევების დანაყოფში;
- სწავლობდა „სასულიერო სკოლაში“;
- თავდასხმის დროს იყო 21 წლის;
- ამჟამად მუშაობს კერძო დაცვის სამსახურში.
სავარაუდო დამნაშავის დაკავება
7 მაისს პროკურატურამ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობის ფაქტზე სულ ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.
პროკურატურის მიხედვით, ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 9 მაისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ფორუმი