"ჩემი უდანაშაულობა ცალსახაა და ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის სასამართლოში", - თქვა 11 მაისს სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, ზვიად ცეცხლაძემ, რომელმაც ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, რომლებითაც, მისი შეფასებით, მისი ბრალეულობის დადგენა შეუძლებელი იყო.
"ჩემი, როგორც აქტივისტის, მიზანი დესტაბილიზაციის შემოტანა კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა. როგორც მომავალ იურისტს, მინდა, რომ სასამართლო იყოს ყველაზე ძლიერი.
დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ უყურებს საზოგადოება სასამართლოს. საზოგადოება კი სასამართლოს სკეპტიციზმით უყურებს. თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მართლმსაჯულების უზენაესობა", - უთხრა სასამართლოს ზვიად ცეცხლაძემ.
ამ საქმეზე დაკავებული არც ერთი დემონსტრანტი ბრალს არ აღიარებს - პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვებისას, არ ჩანდა კავშირი დაკავებულ დემონსტრანტებს შორის, რაც ჯგუფური ძალადობის შემთხვევაში, აუცილებელი გარემოებაა და ვერც მოწმედ გამოცხადებული პოლიციელები ვერ ასახელებდნენ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებმაც მათ აქციებზე ზიანი მიაყენეს.
ფორუმი