Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაია კალასი: მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, 21 აპრილი, 2026
კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, 21 აპრილი, 2026

“საქართველო დემოკრატიის უკუსვლის შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს. მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი და ცხადია, ნამდვილი მონაწილეობა ადამიანის უფლებებზე დიალოგში იქნებოდა მინიშნება, რომ მათ სურთ კურსის შეცვლა”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 21 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ.

იმავე ბრიფინგზე “ევროსკოპის” შეკითხვაზე - როგორია საგარეო საქმეთა მინისტრების ზოგადი განწყობა საქართველოში არსებული ვითარებისა და ტარგეტირებული სანქციების დაწესების საკითხის მიმართ, რაც „ქარულ ოცნებას“ უბიძგებდა ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ - კაია კალასმა უპასუხა, რომ „ზოგადი განწყობა ნარჩუნდება“ და რომ სანქციების საკითხს მას შემდეგ მიუბრუნდებიან, რაც ევროკავშირის წევრი - უნგრეთისა და ბულგარეთის ახალი მთავრობების წარმომადგენლებიც მიუსხდებიან საბჭოს მაგიდას. ამასთან, კალასის ხედვით, ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა პროცესებმა ევროკავშირში შესაძლოა ახალი იმპულსი შესძინოს საქართველოს საკითხსაც:

„ამ საკითხებზე დღეს იყო ძალიან კარგი დისკუსია, მათ შორის - ჩართულობაზე: ზოგიერთი ამბობდა, რომ უფრო მეტად უნდა ჩავერთოთ. საბოლოოდ, ვთანხმდებით, რომ უფრო მეტად უნდა ვიურთიერთოთ ქართველ ხალხთან, მათ შორის - თბილისს მიღმაც და ვაჩვენოთ ხალხს, რომ ევროკავშირი იქ არის და რომ ჩვენ ნამდვილად კარგი აზრებითა და სურვილით მივდივართ მათთან. თუმცა, ამავდროულად ძალიან მკაფიო გზავნილები უნდა გვქონდეს საქართველოს მთავრობისადმი, რომ მიმართულება, რომელსაც ისინი მისდევენ, არ შეესაბამება ევროპის ღირებულებებს. ასე რომ, ასეთი იყო დღევანდელი დისკუსია და ჩვენ მივუბრუნდებით სანქციების საკითხს, როცა ახალი მთავრობების წარმომადგენლები გვეყოლებიან მაგიდასთან“.

რაც შეეხება ადამიანის უფლებებზე დიალოგს, ეს არის ევროკავშირის მესამე ქვეყნებთან ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმატი, რომლის სახელმძღვანელო პრინციპებიც ევროკავშირმა 2001 წელს დაამტკიცა: დიალოგის დაწყების კრიტერიუმები, მისი წარმართვა, შეფასება. ადამიანის უფლებებზე დიალოგსა და სხვადასხვა ფორმატის კონსულტაციებს ევროკავშირის წარმართავს ათეულობით ქვეყანასთან. ევროკავშირი სხვადასხვა სახელმწიფოსთან დიალოგის წარმართვის სხვადასხვა დონე და სტრუქტურას იყენებს. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ადამიანის უფლებებზე დიალოგი ბრიუსელს ჰქონდა მოსკოვთანაც.

ევროკავშირი-საქართველოს ადამიანის უფლებებზე დიალოგი დაიწყო 2009 წლის აპრილში და პირველი რაუნდი თბილისში შედგა.

2025 წლის ნოემბერში საქართველო-ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა განუსაზრვრელი დროით გადაიდო.

ევროკომისიის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე ანიტა ჰიპერმა მაშინ განმარტა, რომ ეს უკავშირდებოდა „საქართველოს მხრიდან წინაღობებს“ და რომ ევროკავშირი „მზად არის ამასთან დაკავშირებით გამართოს შეხვედრა და ადამიანის უფლებებზე ევროკავშირის პოზიცია წარმოადგინოს“.

"ქართველები დაჟინებით მოითხოვდნენ იმ ადამიანების ჩამოყვანას, რომლებსაც ჩვენ (ცალკეული წევრი სახელმწიფოები) სანქციები აქვთ დაწესებული. ეს მიუღებელია.“ - უთხრეს რადიო თავისუფლებას ევროპელმა დიპლომატებმა. ბრიუსელის განმარტების მიხედვით, შეხვედრა გადაიდო "ქართული მხარის მიერ წამოყენებული დაბრკოლებების გამო.“

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების სანქცირებული წარმომადგენელი, რომლის დელეგაციაში ყოფნის გამოც გადაიდო შეხვედრა, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

გასული წლის 19 ნოემბერს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხად შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ არ უარყო, რომ დელეგაციის შემადგენლობაში იყო:

"სამწუხაროდ, გაუგებარია, რა მიზეზით მიიღეს გადაწყვეტილება, არანაირი ახსნა მათ არ მოუწოდებიათ, იყო საუბარი იმაზე, რომ მზად არიან ამ დიალოგის გადადებაზე, ჩვენ ასე მოგვეწოდა ეს ინფორმაცია", - უთხრა პარლამენტში ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც მას ჰკითხეს, იყო თუ არა საქართველოს დელეგაციაში და გახდა თუ არა მის მიმართ სანქციები შეხვედრის გადადების მიზეზი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG