Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი

ძალაში დარჩა მათთვის 2-წლიანი პატიმრობის განაჩენი.
ძალაში დარჩა მათთვის 2-წლიანი პატიმრობის განაჩენი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი, 2026 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება და პატიმრობაში დატოვა 2024 წლის ბოლოს დაკავებული 11 დემონსტრანტი, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და კომიკოსი ონისე ცხადაძე.

გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძემ გამოაცხადა 17 აპრილს, 14:40 საათისთვის, ბრალდებულთა დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ.

ამ გადაწყვეტილებით, 2-წლიანი პატიმრობის განაჩენი შეუნარჩუნდათ პროევროპული აქციების მონაწილეებს. ესენი არიან:

  • 29 წლის ანდრო ჭიჭინაძე,
  • 28 წლის ონისე ცხადაძე,
  • 34 წლის გურამ მირცხულავა,
  • 21 წლის ლუკა ჯაბუა,
  • 50 წლის ჯანო არჩაია,
  • 27 წლის რუსლან სივაკოვი,
  • 26 წლის რევაზ კიკნაძე,
  • 54 წლის გიორგი ტერიშვილი,
  • 27 წლის ვალერი თეთრაშვილი,
  • 27 წლის სერგეი კუხარჩუკი,
  • 30 წლის ირაკლი ქერაშვილი.

„ჩვენ განზრახ დანაშაულს გვედავებიან, ეს პროკურატურამ უნდა ამტკიცოს დანაშაულია თუ რა არის, მაგრამ ვერაფერი დაამტკიცა“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ დასკვნით სიტყვაში.

„მე შემიძლია გესაუბროთ განზრახვაზე და მიზეზზე, რატომ ვიყავით იქ. განზრახვაც და მიზეზიც ერთადერთი იყო - მინდოდა სამართლებრივ და ღირსეულ სახელმწიფოში მეცხოვრა“, - თქვა მან.

„ერთი რამ მინდა გულწრფელად გითხრათ: თქვენ არ განიხილავთ მარტო ჩვენს საქმეს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კონტექსტი შეიქმნა ასეთი და ეს ჩვენს ქმედებას არ შეუქმნია, რომ დღეს რაც ხდება, ასე მომხდარიყო. თქვენ განიხილავთ გარკვეულწილად იმას, თუ რა ფორმით იარსებებს ეს ქვეყანა და რა იმიჯი, მომავალი ექნება“, - მიმართა მან მოსამართლეს.

თავდაპირველი გადაწყვეტილება

2025 წლის 3 სექტემბერს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფური ძალადობის მუხლით (225-ე) მიმდინარე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა) გადააკვალიფიცირა.

მან ამ საქმის ყველა ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

არცერთი მსჯავრდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს - ისინი თავს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ.

17 აპრილს სააპელაციო სასამართლოში 11 დემონსტრანტის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები შეიკრიბნენ. იქ იყო მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

„ბრწყინვალე შვიდეულის დროს, მოსამართლე თუ გაბედავს, ეს განაჩენი დატოვოს, ე.ი ღმერთის არ ეშინია“, - თქვა ზურაბიშვილმა მოსამართლის სათათბიროდ გასვლის შემდეგ.

  • პოლიციამ პროევროპული აქციების მონაწილე დემონსტრანტების დაკავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და გააპროტესტა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებაზე.
  • ბრალდების მტკიცებულებები იყო აქციების მიმდინარეობისას გადაღებული ვიდეოები; ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნები; დაზარალებულების გამოკითხვის ოქმები; სხვა საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტაცია, მათ შორისაა ვიდეოების დათვალიერების ოქმები.
  • თუმცა, ადვოკატების თქმით, საქმეების ფუნდამენტური პრობლემა ის იყო, რომ ვერ დგინდებოდა ვერც ბრალდებულებს შორის კავშირი, ვერც ორგანიზატორი ან საერთო მიზნისთვის წინასწარ შეკავშირება, ნასროლი ნივთების რაობა და ამ ქმედების შედეგი ანუ ის კომპონენტები, რომლებიც ჯგუფური დანაშაულის დადასტურებას სჭირდება.
  • მაგალითად, ვერ დადგინდა ისიც, რომ რომელიმე პოლიციელი მსჯავრდებულებიდან ერთ-ერთის ქმედებამ მაინც დააზიანა, ანუ საქმეში არ ჩანდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG