Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც მეორად სანქციებს აწესებს ირანთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფი ქვეყნების იმპორტზე

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 6 თებერვალს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მეორად სანქციებს უწესებს ირანთან ვაჭრობის მქონე ნებისმიერი სახელმწიფოდან იმპორტს.

სავარაუდოდ, 25 პროცენტის ოდენობის გადასახადი დაუწესდება იმპორტს ნებისმიერი ქვეყნიდან, რომელიც ირანისგან "პირდაპირ ან არაპირდაპირ" ყიდულობს საქონელს.

ბრძანების თანახმად, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო შეისწავლის, რომელი ქვეყნები განაგრძობენ პირდაპირ ან ირიბ ვაჭრობას ირანთან ტრამპის ამ ბრძანების შემდეგ. ეს ინფორმაცია გადაეცემა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც ხაზინის, ვაჭრობის და შიდა უსაფრთხოების სამინისტროებთან ერთად განსჯის, დაუწესოს თუ არა ტარიფი ამ ქვეყანას.

თუკი სახელმწიფო მდივანმა ჩათვალა საჭიროდ ამა თუ იმ ქვეყნისთვის ტარიფის დაწესება, ინფორმაციას გაუზიარებს პრეზიდენტ ტრამპს. საბოლოო გადაწყვეტილებას ტარიფის დაწესებისა და ტარიფის განაკვეთის შესახებ მიიღებს პრეზიდენტი ტრამპი არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ, თუმცა ვაჭრობის მოცულობა მცირეა. 2025 წლის 11 თვეში საქართველო-ირანის სავაჭრო ბრუნვამ $263 მილიონი შეადგინა. ამასთან, ბოლო 13 წელში ირანიდან იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა.

თეთრი სახლის განცხადებით, ამ ზომის მიზანია მესამე ქვეყნების შეკავება ირანთან კომერციული კავშირების შენარჩუნებისგან, განსაკუთრებით ენერგეტიკის, მეტალების და ნავთობქიმიკატების სფეროებში, ანუ სექტორებში, საიდანაც ირანის ხელისუფლებას ყველაზე დიდი მოგება შესდის.

მანამდე, 6 თებერვალს ომანში გაიმართა არაპირდაპირი მოლაპარაკება აშშ-ის და ირანის დელეგაციებს შორის.

მოლაპარაკების დაწყებამდე აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სურდათ წამოეჭრათ ირანის არა მხოლოდ ატომური, არამედ სარაკეტო პროგრამის საკითხები, ასევე თეირანის მიერ რეგიონში გასამხედროებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხი და ირანში მიმდინარე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების წინააღმდეგ განხორციელებული სისხლიანი რეპრესიების თემა. ირანის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ არ აპირებდნენ სარაკეტო პროგრამის საკითხის განხილვას. ამასთან, ირანელები სკეპტიკურად ლაპარაკობდნენ ვაშინგტონის მხრიდან ურანის გამდიდრებაზე უარის თქმის მოთხოვნაზე დათანხმების შესაძლებლობაზეც.

პარასკევს დღისით გამოცხადდა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარე ეტაპი დასრულდა. გავრცელებული მოლოდინით, მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG