Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბევრად უკეთ გამოიყურება - სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა


ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი
ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. ლევან იოსელიანის თქმით, ის შეხვდა როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე იმ დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანილ სხვა ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, თუმცა თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორიც დამხვდა, დღეს ბევრად უკეთ გამოიყურება... რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა ჩემთან მას არ გაუჟღერებია, მათ შორის არც ექიმების მიმართ“, - თქვა ლევან იოსელიანმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

სახალხო დამცველს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, როდის განიხილება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება.

„მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირის საუბარი არ ყოფილა. ეს არ არის არც ჩემი და არც კლინიკის კომპეტენცია“, - უპასუხა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია და მოითხოვეს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით 2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG