Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 24 საათზე მეტია აქრობენ ნავთობის რეზერვუარებზე დრონების შეტევით გამოწვეულ ხანძარს


როსტოვის ოლქის აზოვის რაიონში მდებარე ნავთობბრუდუქტების რეზერვუარებზე დრონებით შეტევა 18 ივნისს, გამთენიისას მოხდა
როსტოვის ოლქის აზოვის რაიონში მდებარე ნავთობბრუდუქტების რეზერვუარებზე დრონებით შეტევა 18 ივნისს, გამთენიისას მოხდა

რუსეთის როსტოვის ოლქის აზოვის რაიონში გრძელდება ნავთობპროდუქტების რეზერვუარებზე უკრაინული დრონებით დარტყმის შედეგად გამოწვეული ხანძრის ლიკვიდაცია. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 18 ივნისს, გამთენიისას მოხდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლობის მიერ დღეს, 19 ივნისს, გამოქვეყნებული ცნობით, 05:30 საათისთვის ხანძარი ლოკალიზებულია 3200მ² ფართობზე. ერთი დღით ადრე, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყებოდა, რომ ხანძრის ფართობი 5 000 მ³ იყო.

18 ივნისს BBC-ს უკრაინულმა სამსახურმა და გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვის რაიონში მდებარე რეზერვუარებზე დრონებით შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო. ამ სამსახურის წარმომადგენელმა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ მომავალშიც გამოიყენებენ „დრონების სანქციებს“ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის წინააღმდეგ, რათა მტერს შეუმცირონ ომის გასაგრძელებლად საჭირო ეკონომიკური პოტენციალი.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში".

უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG