Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის თქმით, კაფე „მზიურს“ სოციალური სტატუსი შეუნარჩუნდება


თბილისის მერი კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე

თბილისში, "მზიურის პარკში", მდებარე კაფეს ადმინისტრაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ არ სურს „ეს თემა გახდეს სალაპარაკო“ და აცხადებს, რომ კაფეს სოციალური საწარმოს სტატუსი შეუნარჩუნდება.

„ამოიწურა ხელშეკრულების ვადა. კაფეს გასხვისება მოხდება იმავე, სოციალური სტატუსით. რა თქმა უნდა, იგივე პროექტები განხორციელდება, რაც დღემდე ხორციელდებოდა. რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც მადანაშაულებდნენ. რა თქმა უნდა, არ მინდა, ეს თემა გახდეს სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაფეს სტატუსი ექნება იგივე, შეუცვლელი. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი, მსგავსი პროექტები განახორციელონ. ამიტომ, რომ არ იყოს რაიმე ჩემ ან მერიის წინააღმდეგ, გამოცხადდება აუქციონი და ვისაც სურვილი ექნება, მიიღოს მონაწილეობა“, - თქვა კალაძემ.

თბილისში, მზიურის პარკში, მდებარე კაფემ, რომელიც უკვე რვა წელია ფუნქციონირებს სოციალური საწარმოს პრინციპით, ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსგან მიღებული წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალაქის მთავრობა იმ შენობის აუქციონზე გატანას გეგმავს, რომელიც ამ დრომდე უსასყიდლოდ განკარგვის უფლებით ჰქონდა კაფეს მენეჯმენტს გადაცემული.

წერილში, რომელიც 13 ივნისით არის დათარიღებული და რომელსაც ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე აწერს ხელს, წერია, რომ თბილისის მერია 64 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შენობას განიხილავს ბიუჯეტში „თანხების მობილიზაციის საშუალებად".

„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კაფეს მენეჯმენტში. ეს სივრცე არ არის მხოლოდ კონკრეტული საკადასტრო კოდი - ის იქცა ქალაქის მნიშვნელოვან ინკლუზიურ ადგილად", - წერენ კაფეს თანამშრომლები და მხარდამჭერებს სთხოვენ, დაიცვან ის სოციალური სივრცის ფუნქციით.

კაფე მოქალაქეების ჩართულობით, შემოწირულებებით და დახმარებით გაიხსნა. შემოსული თანხები კი პირველ წლებში ისევ "მზიურის პარკის" განახლებას და კეთილმოწყობას ხმარდებოდა.

იქ გამოკიდებული დროშების გამო, კაფე არაერთხელ გამხდარა ჰომოფობიური და ნაციონალისტური ჯგუფების თავდასხმის სამიზნე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG