5 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. იქვე აღნიშნულია, რომ კობახიძე იმყოფებოდა „პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად“.
მთავრობის ვებსაიტსა და „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე არ წერია, რომ ტაძარში იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ 30-მდე ფოტოში სალომე ზურაბიშვილის არცერთი კადრი არ არის, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან ახლოს იდგა.
საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ გამოჩნდა სიონის ტაძრიდან პირდაპირი ტრანსლაციის კადრებში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტს ვერ ვხედავთ ისეთი ღონისძიების ამსახველ ოფიციალურ ფოტომასალაში, რომელსაც ის პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდა.
30 აპრილს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ცნობა ვაზიანში, მე-4, ქვეითთა ბრიგადაში გამართული საზეიმო ღონისძიების შესახებ. მართალია, ტექსტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თუმცა სამინისტროს ოფიციალურ „ფეისბუკ“-გვერდზე განთავსებულ ამ ღონისძიების ამსახველ 20-ზე მეტ ფოტოში არ არის თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის კადრი.
სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამის“ ანგარიშზე განათავსა ვაზიანში იმავე დღეს გადაღებული ფოტო, რომლის ფონად ჩანან მის პოლიტიკურ ოპონენტებად ქცეული ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები.
სწორედ, ვაზიანში განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომ პრეზიდენტს შეგნებულად არ მიესალმა.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია. მმართველი პარტია ღიად უჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში თითქმის ყველგან მოიხსნა ბანერები სალომე ზურაბიშვილის ფოტოსურათით და მის ნაცვლად „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოჩნდნენ, მათ შორის იყო ირაკლი კობახიძის ფოტო, წარწერით: სალომე ზურაბიშვილი.
„ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება გამწვავდა გასული წლის მარტში, როცა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა მმართველი ევროპული გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ თბილისში მოსკოვის „მესიჯებს“ იმეორებენ.
მოგვიანებით ევროპის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების გამო „ოცნებამ“, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო - სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.
ფორუმი