სახალხო დამცველმა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევ კონკურსში მონაწილე სამი კანდიდატის მიმართვის საფუძველზე რეკომენდაციებით მიმართა კულტურის სამინისტროს იმისათვის, რომ შეიცვალოს ამ სფეროში არსებული კანონმდებლობა და შეცვალოს პრაქტიკა იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და უზურნველყოფილ იქნას დარგის სპეციალისტების მეტი ჩართულობა.
სახალხო დამცველმა თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის პრაქტიკა სამი რეჟისორის, ლაშა ჩხვიმიანის, მიხეილ ჩარკვიანის და გიორგი სავანელის განცხადებების საფუძველზე შეისწავლა - სამივე მათგანი მონაწილეობდა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევ კონკურსში. ლაშა ჩხვიმიანი დმანისის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი და ამავე თეატრის ხელმძღვანელობის კონკურსანტი იყო, მიხეილ ჩარკვიანი ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატი იყო, გიორგი სავანელი გორისა და სენაკის თეატრების ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა. ამ კონკურსებში ფორმალური სახე ჰქონდა სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც თეატრის პროფესიონალებისგან შედგებოდა და საბოლოო გადაწყვეტილება მინისტრმა მიიღო ერთპიროვნულად - ამის საშუალებას კანონი იძლევა.
სამივე განმცხადებლის შემთხვევაში, რეჟისორებს ჰქონდათ განცდა, რომ ისინი განსხვავებული აზრის, ასაკის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლები. ამ თემაზე ლაშა ჩხვიმიანმა და მიხეილ ჩარკვიანმა რადიო თავისუფლებასთან 2022 წლის მარტში მიცემულ ინტერვიუებშიც ისაუბრეს და სახალხო დამცველის რეკომენდაციაშიც არის მოცემული მინისტრის ის განცხადებები, რომლებიც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ კონკურსში კანდიდატების პროფესიონალიზმი და თეატრის განვითარების გეგმები არ იყო გადამწყვეტი.
სახალხო დამცველის აპარატში წადგენილია ლაშა ჩხვიმიანსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის 8-10 თებერვლით დათარიღებული სოციალური ქსელის მიმოწერა, რომელშიც კითხვაზე, თუ რატომ ჩაიშალა კონკურსი, მინისტრი პასუხობს: „იმიტომ, რომ დმანისის თეატრის განვითარებისთვის ამ მასშტაბის რეჟისორია საჭირო. მის პირობებში გაჩნდება დასი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება დარბაზს და იმედი მაქვს, უკეთეს თეატრს დაუტოვებს დმანისს, ვიდრე ახლაა. მისი კრიტიკითა და ლანძღვით შორს ვერ წახვალთ. დაწყნარდით და დამშვიდდით. თუ რაიმე გქონდათ სამინისტროსთან სასაუბრო, როგორც სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ამისთვის გქონდათ ათი თვე. ეს ფეისბუქი მქონდა მაშინაც. სამხატვრო ხელმძღვანელი ერთხელ მაინც უნდა დაელაპარაკოს საკუთარ სამინისტროს და აუხსნას, რა გეგმები აქვს და რით სუნთქავს. წარმატებებს გისურვებთ!“
ომბუდსმენის აპარატს ჰქონდა ასევე გიორგი სავანელისა და თეა წულუკიანის სოციალური ქსელის მიმოწერა, რომელშიც მინისტრი აღნიშნავს: „გამარჯობა, ბატონო გ.! რა პროფესიული და სხვა თვისებებიც გამოავლინეთ, არ მგონიხართ სახელმწიფო თეატრისთვის შესაბამისი კანდიდატი და, რასაც თქვენ ოპონირებას უწოდებთ, უბრალოდ უარგუმენტო ლანძღვაა“.
სავანელი აღნიშნულს უკავშირებს იმ გარემოებას, რომ იგი ღიად საუბრობდა კულტურის სფეროში არსებულ ნაკლოვანებებსა და გამოწვევებზე, რომელთაც სამინისტრო და, ზოგადად, ხელისუფლება ვერ უმკლავდება. გარდა ამისა, იგი იყო დამდგმელი რეჟისორი პიესისა „ხალხის მტერი“, რომელსაც მოგვიანებით დმანისის მუნიციპალიტეტის უკმაყოფილება მოჰყვა და დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კონკურსის ჩაშლა დაუკავშირდა. ამდენად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ იგი განსხვავებული შეხედულებებისა და კრიტიკული პოზიციის გამო დისკრიმინაციულ მოპყრობას დაექვემდებარა.
სახალხო დამცველს ცალკეულ შემთხვევებში დისკრიმინაციის შემთხვევები არ დაუდგენია და ზოგადი რეკომენდაციებით მიმართა სამინისტროს:
- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულებაში განახორციელოს ცვლილებები, რომელთა შედეგადაც:
- სამინისტროს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, შემოფარგლული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევით, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს;
- საბჭოს დებულებაში დეტალურად აისახება/განიმარტება ყველა კრიტერიუმი, რომლებსაც პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესში მიღებული ყველა გადაწყვეტილება დაეფუძნება;
- „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება (მინისტრი უფლებამოსილია სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით) გამოიყენოს მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, შესაბამისი ობიექტური და გონივრული გამართლების დასაბუთებით;
- მაქსიმალურად უზრუნველყოს პროფესიულ სახელმწიფო თეატრებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დარგის კვალიფიციური ექსპერტებისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობა და გამჭვირვალობა.