Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგა ჩხეიძე: თუ კულტურის მინისტრი არ გააუქმებს ჩემი გათავისუფლების ბრძანებას, გავასაჩივრებ


ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან, ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე კულტურის მინისტრის ბრძანებით გათავისუფლებული გაგა ჩხეიძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვრცლად წერს როგორც სამინისტროსთან არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე, ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც კინოცენტრს აქვს და რომელთა მოგვარებაშიც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას საჭიროებს. გაგა ჩხეიძე ამავე წერილში ამბობს, რომ 17 მარტს წერილობით მიმართა მინისტრს და სთხოვა გააუქმოს მისი გათავისუფლების ბრძანება. თუკი მინისტრი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, გაგა ჩხეიძე სამართლებრივ დავას აპირებს სამინისტროს წინააღმდეგ.

"ნებისმიერ ინსტანციაში დავამტკიცებ საკუთარ სიმართლეს. მოგეხსენებათ, რომ მართალ ადამიანს არაფრის შიში არ აქვს", - ნათქვამია წერილში, რომელიც გაგა ჩხეიძემ კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. ამავე წერილში კინოცენტრის ყოფილი დირექტორი იხსენებს ცენზურის მცდელობებს სამინისტროს მხრიდან: "მინისტრმა მოითხოვა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ანუ ჩემი ნებისმიერი ტელეგამოსვლის მასთან შეთანხმება, და შემდეგ რამდენჯერმე დაბლოკა ჩემი სტუმრობა ტელეგადაცემებში", - წერს გაგა ჩხეიძე. ის ასევე ამბობს, რომ აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ყურადღებით უწევდნენ მონიტორინგს მის პოსტებს ფეისბუკის პირად გვერდზე და გაფრთხილებულიც ჰყავდათ ამის შესახებ.

წერილში საუბარია კინოცენტრის საქმიანობაში ჩარევაზეც. ყოფილი დირექტორი იხსენებს ერთ ფაქტს: "მინისტრის თანაშემწემ სატელეფონო საუბარში მოითხოვა, კინოცენტრს აუცილებლად დაეფინანსებინა კონკურსის მონაწილე ერთ-ერთი კინორეჟისორის პროექტი. როცა მას ავუხსენი, რომ კონკურსის გამარჯვებულებს კინოცენტრის მიერ მოწვეული კომისია გამოავლენს და არა კინოცენტრი, მივიღეთ შემდეგი „ბრძანება“, რომ გამარჯვების შემთხვევაში ეს პროექტი დაფინანსებულიყო 100%-ით, რაც ასევე ეწინააღმდეგება კანონს და დებულებებს."

გაგა ჩხეიძე ყურადღებას ამახვილებს ასევე სამინისტროსთან გართულებულ კომუნიკაციაზე და დამოკიდებულებაზე, რაც პირადად მინისტრს ჰქონდა როგორც ადგილობრივი კინომწარმოებლების, ასევე საერთაშორისო ფესტივალებისა და მისი სტუმრების მიმართ.

"საუბარია არა მხოლოდ არაკორექტულ, არაკოლეგიალურ და არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე კინოცენტრის მისამართით, არამედ ობსტრუქციაზე, რომელსაც მინისტრი და სამინისტრო უწყობდნენ ეროვნულ კინოცენტრს. სამინისტრო უპასუხოდ ტოვებდა კინოცენტრის ოფიციალური წერილების უმრავლესობას, მიუხედავად იმისა, რომ მას რეაგირების ვალდებულება აქვს. სამინისტრო არასდროს გვაწვდიდა ოფიციალურად გამოთხოვილ ინფორმაციას.

მინისტრს არ მოუხდენია რეაგირება არც ქართველი კინემატოგრაფისტების საერთო წერილზე, რომელშიც კინემატოგრაფისტები მას თხოვდნენ, ეზრუნა ეროვნული კინოცენტრის ბიუჯეტის გაზრდაზე. მინისტრი, ასევე, არ გამოეხმაურა ათი ცნობილი რეჟისორის და პროდიუსერის თხოვნას, შეხვედროდა მათ და ერთად ემსჯელათ ეროვნული კინოცენტრის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ხელშეწყობის, მხარდაჭერის და თანამშრომლობის ნაცვლად მინისტრი ყველანაირად ცდილობდა, დაეკნინებინა ეროვნული კინოცენტრის როლი და ფუნქცია.

ამ დესტრუქციული ქმედებებით, ჩემი აზრით, ჩრდილი ადგება ქვეყნის იმიჯს და მისი მთავრობის რეპუტაციას. ეჭვქვეშ დგება მინისტრის კომპეტენცია, მართოს ისეთი რთული სფერო, როგორიცაა კულტურა, რამეთუ კულტურა პირველ რიგში გულისხმობს ურთიერთობის კულტურას, და თავად კულტურის პოლიტიკის განხორციელებასაც კულტურა სჭირდება.

თქვენ წარმოიდგინეთ და, კულტურის სამინისტრო ხშირად ხელს უშლიდა ეროვნულ კინოცენტრს თავისი საქმიანობის განხორციელებაში", - ვკითხულობთ წერილში.

სამინისტროსთან გართულებულ კომუნიკაციასა და ცენზურის მცდელობებზე გაგა ჩხეიძემ ისაუბრა რადიო თავისუფლებისთვის 16 მარტს მიცემულ ინტერვიუშიც.

სამინისტრო გაგა ჩხეიძის გათავისუფლების გადაწყვეტილების მიზეზად კინოცენტრში არსებულ დარღვევებს ასახელებს და შიდა აუდიტის დასკვნას ეყრდნობა, რომელიც საჯარო მისი გათავისუფლების შემდეგ გახდა. ამ დასკვნის პირველად ვერსიაში ნახსენები არ იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით გათვალისწინებული დარღვევები. საბოლოო ვერსიაში კი, რომელიც სამინისტრომ გაგა ჩხეიძის გათავისუფლების შემდეგ გაასაჯაროვა, ნათქვამია, რომ სამი დარღვევა შესაძლოა გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი და ამიტომაც დასკვნა პროკურატურაშია გადაგზავნილი. დარღვევებად სამინისტროს შიდა აუდიტი მიიჩნევს კინომწარმოებლებისთვის "ჰარდ დრაივების" შეძენას [500 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენა შესყიდვების კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევით], დასაფინანსებელი კომისიის წევრების მხრიდან სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და ინტერესთა კონფლიქტს თბილისის კინოფესტივალთან, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გაგა ჩხეიძეა.

თავად გაგა ჩხეიძე ფიქრობს, რომ აუდიტის დასკვნა მხოლოდ ინსტრუმენტია სამინისტროსთვის მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებისთვის და გათავისუფლების მიზეზი გახდა ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, მათ შორის გადაწყვეტილება რუსეთიდან ქართული ფილმების ასლების ჩამოტანის პროცესის შეჩერების შესახებ. გაგა ჩხეიძე ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში ფულის გადარიცხვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

კინოცენტრი კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც კულტურის სამინისტროს ექვემდებარება. კინოცენტრის დირექტორის ხელმძღვანელის მოვალეობას ახალი დირექტორის არჩევამდე მინისტრის მოადგილე, კახა სიხარულიძე ასრულებს. კანონი კულტურის მინისტრს აძლევს უფლებას, პირდაპირი წესით დანიშნოს ახალი დირექტორი. კანონი ასევე ითვალისწინებს კონკურსის ჩატარების შესაძლებლობას ამ პოზიციაზე.

"კინემატოგრაფისტებს გთხოვთ, კულტურის მინისტრს მოუწოდოთ, დაიცვას არსებული კანონი და კანონქვემდებარე აქტები, არ ჩაერიოს უხეშად ეროვნული კინოცენტრის საქმიანობაში როგორც კომისიების დაკომპლექტების კუთხით, ისე პროექტების თემატურ თუ იდეურ ნაწილში მინისტრისთვის მისაღები თუ არ-მისაღები თემების განსაზღვრით. ახალი დირექტორის არჩევა კი უნდა მოხდეს დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე, არჩევნების გზით და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. ამავე დროს, დროა, სამინისტრომ იზრუნოს კინოცენტრის ბიუჯეტის საგძნობლად გაზრდაზე.

ეროვნულმა კინოცენტრმა აუცილებლად უნდა განაგრძოს დამოუკიდებელი არსებობა, უნდა გაძლიერდეს და დაიხვეწოს, იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ქართველი კინემატოგრაფისტების შემოქმედებით საქმიანობას და პროფესიულ განვითარებას, დაიცვას ქართული კინომემკვიდრეობა და კიდევ უფრო მეტად ჩართოს საქართველო მსოფლიო კინოპროცესებში", - ასე სრულდება გაგა ჩხეიძის წერილი, რომელიც კინოცენტრის გვერდზეა გამოქვეყნებული.

XS
SM
MD
LG