Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2019 წელს სასამართლომ პატიმრობის შეფარდებაზე პროკურატურის მოთხოვნის 72% სრულად დააკმაყოფილა


გასულ 2019 წელს საქართველოს სასამართლოებმა პროკურატურის მიერ დაყენებული აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების მოთხოვნის უმრავლესობა (72%) სრულად დააკმაყოფილეს. მონაცემები პროკურატურის ყოველწლიურ ანგარიშშია ასახული.

ამ ანგარიშით ცნობილი ხდება, რომ პროკურატურის დაყენებული პატიმრობის მოთხოვნა (27,6%) სასამართლომ სხვა აღკვეთის ღონისძიებით შეცვალა და მხოლოდ 0,4 პროცნტი არ დააკმაყოფილა სრულად.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მეორე, მესამე და მეოთხე (2013-2016) წელს სასამართლო ყველაზე ხშირად ცვლიდა დაყენებული აღკვეთის ღონისძიების სახეს. თუმცა ბოლო სამი წლის მაჩვენებელი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველი წლის მონაცემებს დაუბრუნდა. კიდევ უფრო ხშირად (2011 წელი - 99,9%, 2012 წელი - 96,9%) აკმაყოფილებდა სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას წინა ხელისუფლების დროს.

გარდა ამისა, მთავარი პროკურატურის ანგარიშის მიხედვით, პროკურატურამ ბოლო რვა წელში ყველაზე მეტ შემთხვევაში მოითხოვა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება. ეს მაჩვენებელი აღემატება 2012 წლის შედეგებსაც. პატიმრობა წილობრივად ყველაზე იშვიათად 2017 წელს (26%) მოითხოვეს, ყველაზე ხშირად კი - 2019 წელს (37,2). ეს მაჩვენებელი 2012 წელს 35,1% იყო.

"უნდა აღინიშნოს რომ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ხორციელდება ძალადობრივი დანაშაულისათვის ბრალდებული პირების მიმართ", - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტით ცნობილი ხდება ისიც, რომ 2019 წელს 1,7-ჯერ უფრო მეტი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურამ, ვიდრე 2012 წელს. 2012 წელს ასეთი სულ 11 217 შემთხვევა იყო, გასულ წელს 19 114-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG