Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიტები, რომლებმაც მომხმარებლამდე ვერ მიაღწია, ნაკვეთში ჭკნება


გურჯაანში, სოფელ კოლაგში მცხოვრები 63 წლის კაკო ჯეირანაშვილი ახლა, წესით, თბილისში, ნავთლუღის ბაზარში უნდა იყოს და საკუთარი ხელით მოყვანილ ტიტებს ყიდიდეს, თუმცა, COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და სხვა შეზღუდვების მიზეზით, ნავთლუღის ყვავილების განყოფილება არ მუშაობს. შესაბამისად, კაკოც კახეთშია და ყოველდღე უყურებს, თუ როგორ ჭკნება მის ეზოში 5 000-ზე მეტი წითელი ტიტა.

როგორც გურჯაანელი მეყვავილე გვეუბნება, ადრეულ გაზაფხულზე შემოსავლები განსაკუთრებით ჭირს, რადგან ამ დროს სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს გასაყიდი თითქმის არაფერი აქვთ. სწორედ ამიტომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ ტიტების მოყვანა და რეალიზაცია, რათა წელიწადის ამ დროს მცირე შემოსავალი მაინც მიეღო. 63 წლის მეყვავილეს ამ სეზონზე არც ერთი ტიტა არ გაუყიდია და, დაახლოებით, 2 000 ლარი დაკარგა. ტიტების ბაღში ახლა მხოლოდ მეზობლები მიდიან და ფოტოებს იღებენ.

„ყოველი წლის ამ დროს თბილისში, ნავთლუღის ბაზარში, ყვავილების განყოფილებაში მიმქონდა ჩემი ტიტები და იქ გადამყიდველებს ვაბარებდი, შემდეგ ისინი ყიდიდნენ. ახლა, ყვავილები რომ შემოვიდა, წინასწარ დავურეკე ჩემს ნაცნობ რეალიზატორებს, თუმცა მითხრეს, რომ აღარ მუშაობენ, რადგან ბაზარი დაუკეტეს. შესაბამისად, მე წელს ერთი ცალი ყვავილიც კი არ გამიყიდია. ასე ფუჭდება ჩემი ყვავილები და არ ვიცი, რა ვქნა, ვის მივმართო. ჩემი ყვავილებით ყოველ წელს, მარტის ბოლოსა და აპრილის თვეებში, პურის ფულს, ერთი-ორ კაპიკს ვშოულობდი, ახლა კი დავრჩი ცარიელი“.

სოფელ კოლაგში მცხოვრებ კაკო ჯეირანაშვილს ტიტების გარდა ატმის ბაღიც აქვს და შიშობს, რომ ხილის მოწევის დროს თუ ასეთივე მდგომარეობა იქნა, კახეთში მასთან ერთად ასეულობით ფერმერი ულუკმაპუროდ დარჩება.

„გურჯაანში ბევრს მოჰყავს მარწყვიც, მაგრამ მე არ მაქვს. ტიტების გარდა, ატმის ბაღი მაქვს. იმედია, მალე გადაივლის კორონავირუსი. ატმის იმედიღა მაქვს, მაგრამ ატამზეც რომ იგივე მოხდეს და რეალიზაცია ვერ შევძლო, დავრჩები ულუკმაპუროდ“.

კახელი მეყვავილე კაკო ჯეირანაშვილი კიდევ ერთ რამეზე წუხს. ამბობს, რომ მისი საქმიანობა, მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული, ამიტომ დაზუსტებით იცის, რომ თუკი სახელმწიფო მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა დახმარებას გადაწყვეტს, ის ამ დახმარებასაც ვერ მიიღებს:

„მოლოდინი არ მაქვს, რომ ვინმე დამეხმარება. ასე გაფუჭდება და დაჭკნება ჩემი ყვავილები. ძალიან დავზარალდი. აღარც კი მინდა ყვავილების ნახვა, რომ ცუდად არ გავხდე“.

კაკო ჯეირანაშვილი კახეთში ერთ-ერთია მათ შორის, ვინც შემოსავლის წყარო დაკარგა. რეგიონში განსაკუთრებით დაზარალდნენ ის ადამიანები, ვისი წარმოებაც მალფუჭებადია და პროდუქცია ვერ შეინახება. დაახლოებით ორ-სამ კვირაში რეგიონში სათბურში გამოყვანილი კიტრისა და კარტოფილის მოსავალიც შემოვა. ამ დროისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო, 21 აპრილამდე საკვირაო ბაზრობები არ გაიხსნება. არადა, სწორედ ეს ბაზრებია ადგილობრივთა ბოსტნეულის გასაღების ძირითადი ადგილი.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG