სოხუმის ცენტრში გვიან ღამით დასრულდა ოპოზიციის მხარდამჭერთა აქცია, რომლის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვდნენ.
მიტინგი მას შემდეგ დაიშალა, რაც პარტია „ამცახარის“ ლიდერმა, დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატმა ალხას კვიცინიამ მომხრეები დაარწმუნა, რომ ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებს. კვიცინიას იმედი აქვს, რომ კანონი იზეიმებს სწორედ „დამოუკიდებელი უზენაესი სასამართლოს წყალობით.“
ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მიტინგზე შეიკრიბნენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები. მათთან შეხვედრის დროს ხაჯიმბამ თქვა, რომ ოპოზიციის უკმაყოფილების მიუხედავად, არჩევნები მისი გამარჯვებით დასრულდა და ამას სასამართლოც დაადასტურებს.
სოხუმში ოპოზიციის და დე ფაქტო ხელისუფლების მომხრეთა მიტინგების გამო, აფხაზური მილიცია გაძლიერებული რეჟიმით იცავდა ე.წ. პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა.
9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ.