რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და სერჟ სარქსიანი, დღეს მოსკოვში განიხილავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს. ორი დღის წინ პუტინი ბაქოში ვიზიტისას ესაუბრა ამავე თემაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის. 9 აგვისტოს კი სანქტ-პეტერბურგში გაიმართა პუტინის და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეხვედრა. თურქეთი აზერბაიჯანის ტრადიციული მოკავშირეა. სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა 1990-ანი წლების დასაწყისში დაამყარეს კონტროლი მთიან ყარაბაღზე, რომელიც აზერბაიჯანს ეკუთვნის. ომმა 30 ათასამდე ადამიანი შეიწირა. ეუთოს შუამავლობით შემუშავებულია სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სომხეთის მიერ მთიან ყარაბაღთან მოსაზღვრე ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას იმის სანაცვლოდ, რომ აზერბაიჯანი დათმობაზე წავა მთიანი ყარაბაღის სტატუსთან მიმართებით. ალიევმა 8 აგვისტოს უთხრა პუტინს, რომ მიუღებლად მიაჩნია სტატუს კვო რეგიონში და რომ საჭიროა აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება. მაგრამ სარქსიანს წინააღმდეგობა ხვდება სომხეთში, სადაც ბევრისათვის მიუღებელია ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა.
ყველაზე პოპულარული
1