Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასაქმების სტატისტიკა და რეალობა საქართველოში


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2013 წლის დასაქმების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სტატისტიკა გვეუბნება, რომ 2013 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2012 წელთან შედარებით, 0.4 პროცენტით შემცირდა და 14.6 პროცენტი შეადგინა. სხვაგვარად ეს ნიშნავს, რომ სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი დასაქმებულად ითვლება.

ეს მაშინ, როცა ნებისმიერი კვლევის, მაგალითად, თუნდაც NDI-ის მიერ გასულ თვეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 67 პროცენტი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. ქვეყანაში ნომერ პირველ პრობლემად სწორედ უმუშევრობის პრობლემა სახელდება.

ჩვენ ადრეც აღგვინიშნავს, რომ ოფიციალური სტატისტიკის ასეთი ოპტიმისტურობის ერთ-ერთი მიზეზი მეთოდოლოგიაა, რომელიც სოფლის მეურნეობაში ჩართულ მოსახლეობას თვითდასაქმებულად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, სტატისტიკა ამბობს, რომ უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლად, ქალაქთან შედარებით. 2013 წელს 2012 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონის თანაბარი (დაახლოებით, 0,4-პროცენტიანი) კლება დაფიქსირდა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და, შესაბამისად, ქალაქში უმუშევრობამ 25.6 და სოფლად 6.5 პროცენტი შეადგინა. ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი.

რაც შეეხება უმუშევრობის დონის მაჩვენებელს რეგიონალურ ჭრილში, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონის ზრდა მხოლოდ აჭარაში აღინიშნა (1.7 პროცენტით). თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია რეგიონებს შორის, აღნიშნული მაჩვენებელი უცვლელი დარჩა, ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

რეალური დასაქმების დონე (თვითდასაქმებულებს თუ არ ჩავთვლით) შემცირდა, ანუ ბიზნესმა საქართველოში 2013 წელს უფრო ნაკლები ადამიანი დაასაქმა, ვიდრე გასულ წლებში.

სხვათა შორის, თუ გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გავითვალისწინებთ (3,2 პროცენტი), ეს არც არის მოულოდნელი.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ბოლო წლის მანძილზე რაიმე ხელშესახები ცვლილების მიღწევა ვერ მოხერხდა - პირიქითაც კი.

თუმცა საინტერესოა ერთი დეტალი, რომელიც ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დასაქმებას უკავშირდება და, ასაკის შესაბამისად, დასაქმებაში მცირე ცვლილებას აჩვენებს:

უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2013 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს ახალგაზრდებში მიაღწია. თუმცა შემცირებულია 35 და ზევით ასაკობრივ ჯგუფებში.
XS
SM
MD
LG