Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამხედრო მრეწველობა რეჟიმის დამპალი აპენდიქსია“ - რუსეთის სამეცნიერო ცენტრ „ისკრის“ ყოფილი ინჟინერი


რაკეტა "ბულავის" გაშვება, რომლის ძრავების საქშენები პერმის ქარხანა "ისკრაში" შეიქმნა. ბარენცის ზღვა, 2019 წლის 24 აგვისტო.
რაკეტა "ბულავის" გაშვება, რომლის ძრავების საქშენები პერმის ქარხანა "ისკრაში" შეიქმნა. ბარენცის ზღვა, 2019 წლის 24 აგვისტო.

რუსეთის თავდაცვითი ინდუსტრია არის "კოლოსი თიხის ფეხებზე", რომელიც ჩაფლულია კორუფციაში, განიცდის სპეცსამსახურების უმკაცრეს კონტროლს და, ხელისუფლების ხმამაღალი განცხადებების საპირისპიროდ, ვერ ახერხებს არმიისათვის ჭეშმარიტად თანამედროვე იარაღის შეთავაზებას, გარდა იმისა, რომ ახალ ნამუშევრად ასაღებს მოდიფიცირებულ საბჭოთა მოდელებს, ან ისეთ უაზრო და განუხორციელებელ პროექტებს, როგორიცაა „ბურევესტნიკი“, ბირთვულძრავიანი სარაკეტო დანადგარი, რომლის გამოცდაც 2019 წელს ნიონოკსაში ადამიანების დაღუპვით დასრულდა.

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სავალალო მდგომარეობის შესახებ ასეთი აზრი გამოთქვა ევგენია ილინიხმა, რომელიც ახლო წარსულში პერმის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება (სსგ) „ისკრის“ ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობდა.

ეს გაერთიანება სხვადასხვა პროდუქციის გარდა ბირთვული ქობინის გადამტანი სტრატეგიული რაკეტების - „ბულავის“, „ბარგუზისა“ და ზემოხსენებული „ბურევესტნიკისთვის“ საჭირო ძრავებს, მათ საქშენებსა და სხვა დეტალებს აწარმოებს.


2014 წელს, უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ილინიხმა დატოვა კომპანია, ხოლო 8 წლის თავზე, გენდერული ტრანზიციის შემდეგ შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამ დროისთვის იქ უკვე ცხოვრობდა მისი დედა, რომელსაც მხოლოდ გაუკვირდა, რომ მისმა შვილმა ადრე არ აღიარა, რომ ის არ იყო არაბინარული ადამიანი, რაზეც თავად მას დიდი ხნის განმავლობაში ეპარებოდა ეჭვი.

ევგენია ქარხანაში შემთხვევით არ მომხვდარა:
„ისკრას“ მთელი მისი ოჯახის ისტორია უკავშირდება.

ევგენია ილინიხი აშშ-ში
ევგენია ილინიხი აშშ-ში

„უნდა ჩაება ქვეყნის თავდაცვაში, რადგან ირგვლივ მტრები არიან“

„ისტორიულად მთელი ჩვენი ოჯახი - ბაბუები, ბებიები - მუშაობდნენ ამ საწარმოში და არცთუ დაბალ პოზიციებზე. ბაბუა, ალექსანდრ ივანოვიჩ საბანცევი, ხომ გარკვეული პერიოდი ლევ ლავროვის (პერმის იმ საკონსტრუქტორო ბიუროს მეორე ხელმძღვანელი, რომლის მემკვიდრეც გახდა სსგ „ისკრა“ - რედ.) მარჯვენა ხელი იყო“, - ამბობს ილინიხი და გვიჩვენებს შრომის წიგნაკს, რომლიდანაც ირკვევა, რომ მისი რეკრუტირება ინსტიტუტში სწავლის ბოლო წელს მომხდარა.

„პირველად უარი ვთქვი, ფასთ-ფუდში წავედი სამუშაოდ და მსურდა, რომ ჩემი პაციფისტური შეხედულებების გამო, სამუშაო სადმე სამოქალაქო სფეროში მეშოვა. გარკვეული დროის შემდეგ კიდევ ერთხელ დამიკავშირდა რეკრუტერი და დიდი ხნის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ საჭიროა წავიდე და „მონაწილეობა მივიღო ქვეყნის თავდაცვაში“, ვინაიდან „გარშემო მტრები“ გვახვევიანო. მარწმუნებდა, რომ იარაღი, რომლის შექმნაც მე მომიწევდა, არასოდეს იქნებოდა გამოყენებული და ის მხოლოდ საგარეო მტრების შესაკავებლად არის შექმნილი“.

ფოტოს შინაარსი შეიძლება აგრესიულად ან უსიამოვნოდ ჩათვალოთ
ევგენია ილინიხის შრომის წიგნაკი "ისკრაში" სამუშაოდ აყვანის შესახებ ჩანაწერით
ევგენია ილინიხის შრომის წიგნაკი "ისკრაში" სამუშაოდ აყვანის შესახებ ჩანაწერით
ეს სურათი შეიცავს მგრნობიარე შინაარსს, რომელიც შეიძლება ზოგს აგრესიული ან უსიამოვნო ეჩვენოს - დააჭირეთ სანახავად
ევგენია ილინიხის შრომის წიგნაკი "ისკრაში" სამუშაოდ აყვანის შესახებ ჩანაწერით

ევგენიას თქმით, „ისკრაში“ კარიერა მისთვის ძალიან კარგად აეწყო, მიუხედავად იმისა, რომ ქარხანაში 2010 წელს ინსტიტუტის მე-4 კურსის შემდეგ მივიდა და დიპლომიც კი არ ჰქონია აღებული.

„იქ 4 წლის განმავლობაში ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში მე-2 კატეგორიის ინჟინერ-კონსტრუქტორის დონეს მივაღწიე. ჩვეულებრივ, ეს კატეგორია რომ მოგცენ, დიპლომის აღების შემდეგ 6-7 წელი უნდა გავიდეს. არიან ადამიანები, რომლებიც მესამე კატეგორიით 10 წელსაც კი მუშაობენ. მე კი ეს ლამის 3 წელიწადში გამომივიდა“, - ჰყვება ევგენია.

მაგრამ ახალგაზრდა ინჟინრის ცხოვრება შეცვალა 2013 წლის დასასრულს მომხდარმა „ევრომაიდანმა“ (უკრაინის ევროპული კურსის დაცვისა და პრორუს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები კიევის ცენტრში - რ.თ.), რომელსაც ევგენია აქტიურად უჭერდა მხარს სოციალურ ქსელებში, ეკამათებოდა კოლეგებს, რის გამოც ის ხელმძღვანელობასთან სასაუბროდ არაერთხელ დაიბარეს, მაგრამ აზრი ვერ შეაცვლევინეს და იძულებული გახდა, „საკუთარი ნებით“ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა.

„სახელმწიფო საიდუმლოების სარჩულით ხდება ფულის გარეცხვა და დატაცება“

სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ისკრაში“ ევგენია თავდაპირველად ბირთვული ქობინების გადამტანი რაკეტების „ბულავის“, „იარსისა“ და „ტოპოლის“ მოწყობილობათა პროექტირებით ყოფილა დაკავებული. თავდაპირველად სამუშაო კორპუსების, ძრავებისა და მათი მართვის სისტემების მომზადებაში მდგომარეობდა. მოგვიანებით კი ამას დაემატა იმ საამქროს კონტროლი, სადაც აწყობენ და ცდიან რაკეტების ელემენტებს. სულ ბოლოს კი დაკავებული იყო საკონტროლო-გამზომი მანქანების შესყიდვებით და შეკვეთების განთავსებით, რამაც ახალგაზრდა ინჟინერს „ისკრის“ მთელ ანატომიაში გარკვევის შესაძლებლობა მისცა.

„ეს არის კრემლის რეჟიმის მთლიანად დამპალი აპენდიქსი, რომელიც შექმნილია არა კარგი პროდუქციის გამოსაშვებად, არა იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცვა, არამედ იმისთვის, რომ სახელმწიფო საიდუმლოს სარჩულით მოიპარო და გაათეთრო ფული. კორუფციული სქემები იწყება ყველაზე უფრო მაღლიდან, სადაც ფული იყოფა, და ჩადის ლამის საამქროებამდე, სადაც აღჭურვილობა იწარმოება. მენეჯმენტის სისტემა არაადეკვატურია: წუნისთვის სასჯელი დრაკონულია, ამიტომ დიდი რაოდენობით წუნი იმალება. ამჟამად, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ განცხადებების დროს, მე, პირველ ყოვლისა, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამხედრო მოსამსახურეების გამო მეფიქრება. პირველ ყოვლისა, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლეს, თუ, ღმერთმა არ ქნას და ისინი „ისკრის“ გამოშვებულ რომელიმე წუნდებულ ნაკეთობას გაუშვებენ. ასეთები კი შეიარაღებაში ძალიან ბევრი იქნა მიღებული“, - ამბობს ევგენია ილინიხი.

ის ყურადღებას ამახვილებს "ისკრაში" მომუშავე მენეჯერთა მიდგომაზე. მათთვის მთავარია, რაიმე გაკეთდეს, ხარისხზე კი არ დარდობენ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ რაკეტები მაინც არსად გაფრინდებიან, არამედ სადმე საწყობში ან შახტში ეწყობიან 20 წლით, სანამ არ დაჭრიან და უტილიზებას არ ჩაუტარებენ.

"და ასეთი დამოკიდებულება არა მხოლოდ იმ საწარმოში იყო, სადაც მე ვმუშაობდი. მე ბევრს დავდიოდი კონფერენციებზე, ამ სფეროს წარმომადგენელ ბევრ ადამიანს ვესაუბრებოდი, და ეს მიდგომა ბევრის თავში არსებობს. არის გამონაკლისიც: ეს შეეხება ნაკეთობას, რომელიც, როგორც ცნობილია, გამოსაცდელად იქნება გატანილი. მათ ძალიან გულმოდგინედ აწყობენ და აკონტროლებენ. ადამიანებს მკაფიო გაგება აქვთ: რაღაც წავა შემოწმებაზე, რაღაც შახტში იდება. დიახ, ეს წარმოება როგორღაც ვითარდება, რადგან თუ რაღაცას ფულს მიაყრი, მაშინ კორუფციის გათვალისწინებითაც კი, გარკვეული შედეგი იქნება. საკითხავი ისაა, რომ „ბირთვული ფარი“, რომელზეც კრემლში ბევრს ლაპარაკობენ, სულაც არ არის ისეთი ძლევამოსილი და უნაკლო, როგორც იქ ცდილობენ ამის წარმოჩენას“.

პერმის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება (სსგ) "ისკრა", 1993 წელი
პერმის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება (სსგ) "ისკრა", 1993 წელი

როგორც ევგენია ჰყვება, სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ისკრა“ დაკავებული ყოფილა ასევე უახლესი რაკეტების გამოშვებითაც, რასაც კრემლში მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემისათვის მოუხელთებელ რაკეტებს უწოდებენ. მათ შორისაა ჰიპერბგერითი რაკეტები „ცირკონი“ და „ბურევესტნიკი“, რომელთა გამოცდები, როგორც ამას სატელიტური ფოტოებიც მოწმობენ, სულ ბოლოს რუსეთს პოლიგონ ნოვაია ზემლიაზე ჩაუტარებია.

„რაც შეეხება რაკეტა „ბურევესტნიკს“, ეს პროექტი გამოშვებული იქნა ბევრ ქარხანაში, მათ შორის „ისკრაშიც“. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ მას უნდა ეფრინა ატმოსფეროს სხვადასხვა ფენაში სხვადასხვა სიმჭიდროვით, რისთვისაც საჭირო იყო უნივერსალური საქშენები. ამაზე ძალიან ბევრი ძალა დაიხარჯა, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერა და ვერ შეძლეს. იქ სხვა პრობლემაც არსებობს, განსაკუთრებით მასიურ მახასიათებლებთან დაკავშირებული. როგორც კონსტრუქტორებმა განმიმარტეს, იმისთვის, რომ რაკეტამ იფრინოს, პროექტში ჩადებულია რაღაც არარეალური მოთხოვნები, მაგალითად, საჭიროა ფოლადი, რომლის ინდექსი ლამის 35 ასო-ნიშნისგან შედგება. შედარებისთვის: პრეს-ფორმებისთვის (რაკეტის ყალიბისთვის) მე ვიყენებდი 5ХНМ ფოლადსა და უჟანგავ 18Х18Н10Т ფოლადს. ხოლო იქ იყო 35 ასო-ნიშანი, ეს არის რაღაც სუპერმაგარი შენადნობი, რომლის მიღებაც შესაძლებელია მხოლოდ ერთ ინსტიტუტში და ისიც ძალიან მცირე რაოდენობით“, - ამბობს ევგენია ილინიხი.

რუსეთიდან ემიგრირებული ინჟინრის თქმით, ძირითადად პუტინის პროპაგანდა საბჭოთა პერიოდში შექმნილი მოდელების სრულყოფით არის დაკავებული.

რაკეტა "ბურევესტნიკის" გამოცდა, 2018 წელი
რაკეტა "ბურევესტნიკის" გამოცდა, 2018 წელი

„ისკრა“ და ომი უკრაინაში

ევგენია ილინიხის თქმით, მას ამჟამადაც აქვს კონტაქტი „ისკრის“ ზოგიერთ თანამშრომელთან და მათგან იცის, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საწარმოში ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა.

„პროექტის მთავარი ინჟინრის ხელფასი დღეისათვის 60-65 ათასი რუსული რუბლია. ნახეთ, თუ როგორია ანაზღაურება ამ თანამდებობაზე პერმის ბაზარზე, მოსკოვზე რომ არაფერი ვთქვა, - და ყველაფერი ნათელი გახდება".

სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ისკრა“ მხოლოდ 2023 წლის ივნისში მოხვდა დასავლეთის სანქციების ქვეშ. საწარმოს შემზღუდავი ზონები დაუწესეს ევროკავშირმა, შვეიცარიამ და უკრაინამ. მაგრამ ამ ყველაფერს დიდი გავლენა არ მოუხდენია ქარხნის მუშაობაზე.

„ყველაფერი, რაც იქ იწარმოება, იწარმოებოდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. ჰიდროკლავირებისა და ავტოკლავირების მთელი ტექნოლოგია, რაც საქშენების წარმოებისათვის გამოიყენებოდა, ძველია. დიდი ანგარიშით სანქციებს შეიძლება დარტყმა მიეყენებინა სამოქალაქო დანიშნულების პროდუქციისთვის, მათ შორის გაზგადამქაჩავი მოწყობილობისთვის, რომელსაც „ისკრა“ უშვებს. იქ გამოიყენებოდა იმპორტული კომპონენტები. მაგრამ ისინი, როგორც დაზგები და მკვეთი დანადგარები, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების გავლით უპრობლემოდ შემოდის. ჩემს შემთხვევაში, იმპორტული ელექტრონის მარაგი მაშინ არსებობდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა სიჩქარით იწარმოება რაკეტები და რამდენსაც იწუნებენ, დიდხანს ის არა ეყოფოდა. საწყობში ჩვეულებრივ ინახება ის, რაც უახლოეს 3-4 თვეში უნდა გამოიყენონ. მომარაგების განყოფილება უკვე მაშინ ყიდულობდა ყველაფერს გარეთ, რომელიღაც კერძო კომპანიებში“, - ამბობს ევგენია ილინიხი.

უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის თავდაცვის ნაწილის ზრდის მიუხედავად, 2023 წლის მარტში, როგორც გაზეთი „კომერსანტი“ წერდა, სსგ „ისკრის“ ზარალმა 2,7 მილიარდ რუბლს გადააჭარბა. ამ ფინანსური დანაკარგის დაფარვა უნდა მოხდეს 13.3 მილიარდი რუბლი საკრედიტო ხაზით, რომელიც კომპანია „სბერბანკმა“ გახსნა.

2023 წლის დასაწყისიდან რუსეთში სულ მცირე 21 სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა ღალატის მუხლით, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოების სავარაუდო გამჟღავნების გამო. ეს ხუთჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. სსგ "ისკრის" თანამშრომლები ასევე გრძნობდნენ თავს სპეცსამსახურების მუდმივი ზეწოლის ქვეშ.

"ეს, ალბათ, ყველაზე საზიზღარი ნაწილია მთელ ამ საქმეში, რაც მე სულს მიხუთავდა. ალბათ არიან ადამიანები, რომლებიც ამას მოერგნენ. არსებობდა იქ ე.წ. "პირველი დეპარტამენტი", "პირადი შემადგენლობისა და უსაფრთხოების" დეპარტამენტი, რომელიც, ფაქტობრივად, არის ეფესბე ქარხანაში. როდესაც შედიხართ ქარხანაში, თქვენ, ისევე როგორც ციხეში, ტელეფონს აბარებთ გისოსებს მიღმა მყოფ თანამშრომელს.

პირველი ტრენინგის დროს, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტები - ჩვენ ყველანი დიდ აუდიტორიაში შეგვრეკეს და პირველი დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაიწყო საუბარი ყველა იმ ბედუკუღმართ მეცნიერზე, რომლებიც თითქოსდა მათ მიერ 5, 7 და 10 წლის წინ ჩადენილი დანაშაულებისთვის დასაჯეს. ამით მიგვანიშნებდა - "აი, შეხედეთ, ჩვენ არ გვძინავს, თქვენ ყველას გითვალთვალებენო“. რა თქმა უნდა, ხალხი დაშინებულია და ცდილობენ, ქარხნის გარეთ ბევრ რამეზე საერთოდ არ დაძრან სიტყვა“, - ამბობს ევგენია ილინიხი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში დაბრუნებას არ გეგმავს, ევგენიას სურს, რუსეთში ყველაფერი გამოსწორდეს, შეიქმნას ნორმალური, ტოლერანტული სამოქალაქო საზოგადოება ისეთი ადამიანების მიმართ, როგორიც თავად არის.

„საზოგადოება, რომელსაც შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ დანაშაულებზე. მინდა, რომ რუსეთი გახდეს ქვეყანა, რომელშიც მოგინდება დაბრუნება. მეც ასევე ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას - არა მხოლოდ როგორც ადამიანი, რომელიც მუშაობდა „ისკრაში“ 4 წლის განმავლობაში, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც, პრინციპში, ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში. ჩვენ შევეცადეთ, რაღაც გაგვეკეთებინა, შეეცადეთ, რომ თავიდან აგვეცილებინა ის, რაც ახლა ხდება, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა".

XS
SM
MD
LG