Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნების“ ახალი ცვლილება საარჩევნო კოდექსში - რატომ ახსენებს ოპოზიცია ფეოდალებს?


„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსის კიდევ ერთხელ შეცვლა სურს
„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსის კიდევ ერთხელ შეცვლა სურს

საარჩევნო კოდექსში „ქართული ოცნების“ დაგეგმილი ცვლილებებით, პროპორციულ საარჩევნო სიებში პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს შეიძლება განესაზღვროთ, თუ რომელი ოლქის „დელეგატები“ არიან.

ოპოზიცია ცვლილებებს საარჩევნო ოლქებსა და მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ კანდიდატების „ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმების მცდელობად“ აღიქვამს.

ცვლილება არ მოსწონთ არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მას შეცდომაში შემყვანად მიიჩნევენ.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ასე ამომრჩევლებს მისცემენ შესაძლებლობას, თავიანთი წარმომადგენლები პარტიულ სიაში დაინახონ.

მარტივად აგიხსნით, რას მოიცავს ცვლილებები და რა რისკებს შეიცავს.

ახლანდელი წესები

წლების განმავლობაში საქართველოში შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა მუშაობდა.

2016 წელს ამ სისტემით „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ პარლამენტში ადგილების ¾-ზე, 75%-ზე მეტი მოიპოვა.

ანალიტიკოსები დიდი ხანია, ჯერ კიდევ „ოცნების“ მმართველობამდეც, მიუთითებდნენ, რომ ქართულ რეალობაში ასეთი სისტემა, მაჟორიტარული ელემენტის გამო, უსამართლო უპირატესობას ანიჭებდა მმართველ პარტიას და ამომრჩევლის ნებას ზუსტად არ ასახავდა. ეს სისტემა გაცილებით მეტ მანდატს ანიჭებდა მმართველ გუნდს, ვიდრე მისდამი რეალური მხარდაჭერა იყო.

2020 წლის არჩევნები კვლავ შერეულად ჩატარდა, მაგრამ 120 დეპუტატი პროპორციული სიებით აირჩიეს და მხოლოდ 30 - მაჟორიტარული წესით. წინა შემთხვევებში ეს თანაფარდობა გაცილებით მაღალი იყო - 77/73.

2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით იმართება. ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს.

„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება 2019 წელს გასცა, „გავრილოვის ღამის“ შემდგომი დემონსტრაციების შემდეგ.
იმავე წელს „ოცნებამ“, „მაჟორიტარების აჯანყების“ შემდეგ, საკუთარი პირობა არ შეასრულა და შერეული სისტემა დატოვა.
შემდეგ იყო პოლიტიკური კრიზისი და 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით შედგა.
შეთანხმებამ განსაზღვრა, რომ 2020 წლის არჩევნებზე მხოლოდ 30 დეპუტატს აირჩევდნენ მაჟორიტარული წესით, ბარიერი კი 1%-მდე შემცირდა.

2024 წლიდან მაჟორიტარებს, - ანუ ცალკეული ოლქების წარმომადგენლებს, - ამომრჩეველი აღარ ირჩევს. ყველა დეპუტატი ერთიანი პარტიული სიებიდან აირჩევა. საარჩევნო ბარიერი 5%-ია.

ახლა რაღა იცვლება?

პროექტი, რომელიც პარლამენტში 20 მარტს დარეგისტრირდა, ორ ძირითად ცვლილებას ითვალისწინებს.

პირველი ცვლილება 2024 წელს არ უკავშირდება და ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს: უქმდება 40%-იანი ზღვარი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში „საარჩევნო კოდექსითაა“ დაწესებული მაჟორიტარებისთვის.

მეორე ცვლილება კი საპარლამენტო არჩევნებს, მათ შორის, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხება:

პარტიას ენიჭება უფლება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის (ან ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა „დელეგატად“ განსაზღვროს.

პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის იგი წარდგენილი.

კანონპროექტის ავტორი „ქართლი ოცნების“ ფრაქციაა, ინიციატორები კი არიან „ოცნების“ დეპუტატები - გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.

როგორ ხსნის ცვლილებებს „ოცნება“?

„ქართული ოცნება“ ცვლილების საჭიროებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ რეგიონებში მოსახლეობასა და პარლამენტს შორის ბმის შესუსტებით ხსნის - ეს ბმა უნდა შევინარჩუნოთო.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 25 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ „გაეროს განვითარების სააგენტოს დახმარებით ჩატარდა კვლევა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების კვალდაკვალ, პარლამენტმა როგორ შეინარჩუნოს ბმა რეგიონში მოსახლეობასთან“.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

„[კვლევაში იყო მიმოხილვა] ამ მხრივ სხვა ქვეყნებში რა გამოცდილება არსებობს. სამწუხაროდ, დიდი გამოცდილება არც არის - არის ან მაჟორიტარული სისტემა, ან არა. კვლევის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა, რომ პარტიებმა გარკვეულწილად საკუთარ თავზე აიღონ და მოსახლეობას, ამომრჩევლებს მისცენ შესაძლებლობა, თავიანთი წარმომადგენლები პარტიულ სიაში დაინახონ“, - თქვა მან.

პაპუაშვილის განცხადებით, ეს არის „სწორი და მარტივი გზა, რომ პარტიებმა ამომრჩევლებს შესთავაზონ, თუ ვინ შეიძლება მათი სახელით მოქმედებდეს ამ პარტიების ფარგლებში“.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პარლამენტარი, არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ საარჩევნო კამპანიისას საჭიროა:

  • „ადგილზე მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ ატარებს კამპანიას“;
  • „პარტიებმაც იცოდნენ, ვინ არის კონკრეტულ საარჩევნო ოლქში კამპანიის ხელმძღვანელი მათი სიიდან“.

პაპუაშვილის თქმითვე, „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით არ წარიმართება.

„პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ყველას ექნება“, - თქვა მან.

რას ამბობენ ოპოზიციაში?

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ცვლილებებს არ ემხრობა.

პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ბექა ლილუაშვილი მმართველ გუნდს მოუწოდებს, კანონპროექტიდან ეს ცვლილება ამოიღოს.

28 მარტს მან პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცვლილება „მიმართულია ["ქართული ოცნების" მიერ] საარჩევნო ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისკენ“.

ბექა ლილუაშვილი, პარტიის „საქართველოსთვის“ პარლამენტარი
ბექა ლილუაშვილი, პარტიის „საქართველოსთვის“ პარლამენტარი

ოპოზიციის კრიტიკაზე პასუხად მმართველი გუნდის კიდევ ერთმა დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ კანონპროექტში სიტყვა „დელეგატი“ სხვა სიტყვით შეიცვლება, მაგრამ დააზუსტა, რომ „პროექტით წარმოდგენილია ის პრინციპი, თუ რა გვინდა“.

რას ამბობენ არასამთავრობოები?

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს წლებია, აკვირდებიან, ამბობენ, რომ მართალია, „დელეგატებზე“ ჩანაწერი ცალსახა სამართლებრივ პრობლემას არ შეიცავს, მაგრამ პოლიტიკურად პრობლემურია.

„მოქმედი, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში, წარმოდგენილი ინიციატივა ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში რეგიონების რეალურ წარმომადგენლობას“, - განაცხადა 28 მარტს „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED).

ორგანიზაციის იურისტი და პროექტების კოორდინატორი, ლელა ხათრიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ცვლილებას არ უნდა ჰქონდეს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზანი.

„რეალურად, ამომრჩეველი ვერც კენჭისყრის პროცესში ვერ მოახდენს გავლენას ამა თუ იმ პირის არჩევაზე, რადგან არჩევნები ტარდება ერთიან ოლქში პროპორციული წესით, შესაბამისად, ცალკე კანდიდატს კენჭი არ ეყრება [როგორც მაჟორიტარულ სისტემაში იყო]“, - ამბობს ISFED-ის იურისტი.

„ამასთან, პარლამენტში არჩეულ პირებს არ აქვთ ინსტიტუციური ბმა ამა თუ იმ ოლქის მოსახლეობასთან, მათ კომპეტენციაში არ შედის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები, ამისთვის არსებობს დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი ორგანოები, თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტი, რომლებმაც უნდა მოაგვარონ საჭიროებები“, - ეუბნება ლელა ხათრიძე რადიო თავისუფლებას.

მაშ, რისთვის სჭირდება „ოცნებას“?

სანდრო ბარამიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) საარჩევნო პროგრამის მენეჯერი ამბობს, რომ მართალია, ორგანიზაცია ამ ცვლილებაში წმინდა იურიდიული ხასიათის პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ხედავს პროპაგანდისტულ ელემენტს: „პროპაგანდისტული თვალსაზრისით, "ოცნება" ცდილობს, გარკვეული უპირატესობები შეიძინოს სხვა პარტიებთან, წვრილ პარტიებთან შედარებით“.

„მათ უნდათ, თავიანთი პარტია სხვადასხვა ადგილზე დაუკავშირონ სხვადასხვა ფეოდალური ტიპის "ბობოლებს", რომლებიც წლების განმავლობაში თავ-თავიანთ რეგიონებში გარკვეული გავლენებით სარგებლობენ“, - ეუბნება სანდრო ბარამიძე რადიო თავისუფლებას.

ანალიტიკოსი განმარტავს, რომ მმართველი პარტიის რიგებში არიან „ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში იყვნენ დეპუტატები, - ხან ერთ პარტიას მიეტმასნებოდნენ, ხან მეორეს. მათთვის არავითარი პრინციპები არ არსებობს. მთავარია, ვინც გამარჯვებულია, იმის მხარეს იყვნენ“.

სანდრო ბარამიძე, TI-ის საარჩევნო პროგრამის მენეჯერი
სანდრო ბარამიძე, TI-ის საარჩევნო პროგრამის მენეჯერი

„ასეთ ადამიანებს აქვთ ფინანსური და სხვა შესაძლებლობები, რომ მოახდინონ ადგილებზე ამომრჩევლის მობილიზება, - ვიღაცის მოსყიდვა, ვიღაცის დაშინება და ა.შ. ამიტომ არის, რომ ამ ე.წ. დელეგატების შესახებ შემოაქვთ ეს ცვლილებები“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის თქმითვე, მართალია, იურიდიული თვალსაზრისით ეს ცვლილება პრობლემას არ ქმნის და რაიმე დადგენილ სტანდარტს არ არღვევს, მაგრამ პოლიტიკურად „ქართულ ოცნებას“ უპირატესობას ანიჭებს:

„შეიძლება რომელიმე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას ჰქონდეს მსგავსი შესაძლებლობა, მაგრამ სხვა, უფრო წვრილ პარტიებს არ აქვთ შესაძლებლობა, თითოეულ რეგიონში გამონახონ დასაყრდენი ფიგურები. არ აქვთ საშუალება, რომელიღაც კონკრეტული კანდიდატი რომელიმე რეგიონს დაუკავშირონ. ამის შესაძლებლობა აქვს "ქართულ ოცნებას" და ამ უპირატესობის გამოყენებას ცდილობენ ამ ცვლილებით“, - განმარტავს სანდრო ბარამიძე.

შორს მიმავალი გეგმები?

შეიძლება თუ არა, „დელეგატების“ გაჩენა მაჟორიტარების დაბრუნების სურვილზე მიანიშნებდეს?

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ხაზს უსვამს, რომ პროპორციული არჩევნებიდან „არანაირი გადახვევა და ცვლილება არ ხდება“.

„მაჟორიტარულ სისტემას არავინ არ აბრუნებს, ეს არის კვლავაც პროპორციული სისტემა, რომელიც კანონმდებლობაში არის საკმაოდ მტკიცედ გაწერილი“, - ამბობს „ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, კანონპროექტის ინიციატორი გივი მიქანაძე.

გივი მიქანაძე, პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“
გივი მიქანაძე, პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“

ანალიტიკოსებიც ადასტურებენ, რომ ეს ცვლილება მაჟორიტარების დაბრუნებად ვერ ჩაითვლება:

„ერთპალატიან პარლამენტს, რომელიც 150 ადამიანისგან შედგება, ვირჩევთ მხოლოდ პროპორციული წესით. ამის შეცვლას კონსტიტუციაში ცვლილებები შეტანა დასჭირდება“, - ამბობს სანდრო ბარამიძე.

მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ რამდენიმე კვირაა, გამუდმებით აცხადებს, რომ 2024 წელს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას გეგმავს, - მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევები მსგავს სცენარს არ ხატავს.

NDI-ის ბოლო კვლევით, რომელიც 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, „ოცნებასთან“ თავს გამოკითხულთა მხოლოდ 19% აიგივებს. უმეტესობა ისევ გადაუწყვეტელია.

„ქართულმა ოცნებამ“ 25 მარტს გამოიტანა კიდევ ერთი ცვლილებების პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც პროპაგანდის აკრძალვის საფუძვლით შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები.

ეს ცვლილებები კონსტიტუციის შეცვლას გულისხმობს, რისთვის საჭირო 113 ხმაც „ქართულ ოცნებას“ ამჟამად არ აქვს.

ანალიტიკოსების და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ეს საკითხიც კონსერვატიული ამომრჩევლის მობილიზებისათვის გამოიყენოს 2024 წლის არჩევნებში.

სავარაუდო სცენარი ასეთია: მას შემდეგ, რაც „ოცნება“ კონსტიტუციას ვერ შეცვლის და ჰომოფობიურ ცვლილებებს ვერ მიიღებს, საზოგადოებას მოუწოდებს მხარდაჭერისათვის, - მიგვაღებინეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ამ ცვლილებას მივაღწიოთო.

„ეს პროპაგანდისტული ილეთია, მეტი არაფერი“, - ამბობს სანდრო ბარამიძე.

საკონსტიტუციო უმრავლესობა, - რაც „ქართული ოცნებისთვის“, კვლევების თანახმად, არარეალისტურად გამოიყურება, - მმართველ გუნდს მაჟორიტარული სისტემის დაბრუნების შესაძლებლობასაც მიანიჭებდა. ეს კი - სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარებულ მმართველობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG