Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ვეტინგს ითხოვს, "ოცნება" - ბოდიშს


საილუსტრაციო ფოტო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობა
საილუსტრაციო ფოტო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობა

ევროკავშირი არ აპირებს თვალი დახუჭოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების დადგენის აუცილებლობაზე, რაც ევროინტეგრაციისთვის საჭირო 9 დათქმის ნაწილია და რაც "ოცნების“ ხელისუფლებამ „დახურულ თემად“ გამოაცხადა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 28 მარტს - საქართველოს ხელისუფლებას ისევ შეახსენა ევროკავშირის გაფართოების შარშანდელ დოკუმენტში ასახული პირობა და სასამართლო სისტემის გაჯანსაღების აუცილებლობა.

ვეტინგის ნაცვლად, „ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებს მოსამართლეების დისკრედიტაციის გამო ბოდიშის მოხდისკენ მიუთითებს. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ვეტინგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი „არშემდგარი“ ქვეყნებისთვის არის მისაღები.

არასამთავრობო სექტორი შიშობს, რომ ვეტინგის შეფერხებასთან ერთად შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიც შეფერხდეს.

ვეტინგი სასამართლოს სისტემის არაკეთილსინდისიერი კადრებისგან გაწმენდასა და გაჯანსაღებას ისახავს მიზნად. მოლდოვაში ვეტინგისწინა კომისია მუშაობს; ხოლო უკრაინაში, რამდენიმე წლის წინ კომისია დაიშალა და საკანონმდებლო ბაზა დაიხვეწა.

ევროპის პრიორიტეტი

„ქართული ოცნება“ გამუდმებით წერტილის დასმას ცდილობს, ევროკავშირი კი ე.წ. ვეტინგის თემას ხელახლა აცოცხლებს და იმეორებს, რომ ვეტინგზე ნათქვამი უარი - პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის შარშან განსაზღვრულ „9 დათქმას” და, შესაბამისად - საქართველოს წინსვლას ევროპულ გზაზე.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ევროკომისიის შარშანდელი ანგარიშიც ადასტურებს და ეს პროცესი საერთაშორისო სპეციალისტების ჩართვით წარიმართა.

ელჩი ამბობს, რომ სასამართლო რეფორმა ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია, რადგან ძლიერი დემოკრატიის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს სწორედ - „სრულად დამოუკიდებელი, სრულად პროფესიონალური სასამართლო სისტემა“ წარმოადგენს.

რადგან ყველა ქვეყანა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების დასადგენად განსხვავებულ მეთოდებს იყენებს, ჯერ ისევ შესათანხმებელია საქართველოში დასანერგი მექანიზმი.

თუმცა გარკვეული მონახაზი უკვე არსებობს.

  • ვეტინგი შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და სასამართლოს თავმჯდომარეებსა - როგორც უკვე დასაქმებულებს, ასევე კანდიდატებს;
  • ვეტინგი დროებითი პროცესი იქნება და სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენას მოემსახურება;
  • მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შესამოწმებლად უნდა შეიქმნას სანდო კომისია;
  • პირების კეთილსინდისიერების დასადგენად შემოწმდება - რამდენად დასაბუთებულია მათი ქონება, რამდენად სამართლიანად და კონკურენტულ გარემოში მოხვდა პოსტზე და სხვა;
  • არაკეთილსინდისიერი კადრები სისტემას დატოვებენ.

„სასამართლოს გუშაგმა“ დათვალა, რომ ვეტინგი შეეხება სასამართლო სისტემის 60-მდე თანამდებობის პირს; თუმცა შემოწმება არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი დატოვებს პოსტს - "ზოგი წავა, ზოგი დარჩება".

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი გვეუბნება, რომ, შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში, პროცესი შესაძლოა საკმაოდ სწრაფად წარიმართოს და „სისტემაში კრიზისი არ შეიქმნება“.

კომისია

ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ ვეტინგის კომისიაში „უცხოელების“ შეყვანაა დაგეგმილი. ამის შესახებ, 27 მარტს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემაც განაცხადა.

„მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა დახურულია. საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია“, - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს და გაუზიარა განზრახვაც, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნიან - „არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტში ამგვარი ჩარევა“.

ნაზი ჯანეზაშვილისთვის ეს არამართებული ინტერპრეტაციაა, რადგან პარტნიორები ლაპარაკობენ არა „უცხოელ ექსპერტებზე“, არამედ “საერთაშორისო ექსპერტებზე“ და აქ მაინცდამაინც უცხოელები არ იგულისხმებიან.

ჯანეზაშვილი ასევე გვეუბნება, რომ ჯერჯერობით კომისიის შემადგენლობაზე ლაპარაკი არ არის, არც კონკრეტული კანდიდატები განიხილება, ხოლო მესამე სექტორს კომისიის დაკომპლექტების პრეტენზია საერთოდ არა გააჩნია.

არადა, გვარები მაინც სახელდება.

„მაგალითად, პროპაგანდისტულად გაჟღერდა, რომ თითქოს უნდათ, მაგალითად, ნონა წოწორიას [სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე] ამ პროცესში ჩართვა. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანის სახელი გაჟღერდა, როგორც კომისიის ერთ-ერთ პოტენციურ წევრზე.

ამაზე NGO-ები საერთოდ არ საუბრობენ. სამოქალაქო საზოგადოებას კონკრეტულად არავინ დაუსახელებია“, - ნაზი ჯანეზაშვილი თავად ემხრობა ვერსიას, რომ კომისიაში შევიდნენ ყველა მხარისთვის მისაღები - საერთაშორისო დონეზე გამოცდილი პროფესიონალები.

წოწორიას რეფორმა საქართველოში არის აბსოლუტურად უადგილო“, - თქვა 23 მარტს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, როცა პარალელებს უკრაინასა და მოლდოვასთან ავლებდა.

კობახიძე თვლის, რომ ვეტინგის სისტემა ხელისუფლების ოპონენტებს სასამართლოზე გავლენების აღსადგენად ესაჭიროებათ და, რომ ვეტინგი ნიშნავს სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუციების შეუმდგარობის აღიარებას და უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით - საქართველოს ეს მექანიზმი არ სჭირდება.

ამ დღეებში ნონა წოწორიას, სხვადასხვა კონტექსტში, ხშირად ახსენებენ ხელისუფლება და მათი მოკავშირეები. ერთ-ერთმა მოსამართლემ ის უკრაინის ვეტინგის კომისიის წევრად მოიხსენია და ეს აქცენტი ბევრმა აიტაცა.

სტრასბურგის სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ფეისბუკზე განმარტა, რომ არასოდეს ყოფილა უკრაინის ვეტინგის კომისიაში. თუმცა ის, უკრაინაში, სპეციალიზებული ანტიკორუფციული ბიუროს პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობდა.

მოლდოვაში კი, წოწორია პრევეტინგის კომისიის წევრია. ამ შემადგენლობაში 3 ადგილობრივი და 3 - საერთაშორისო ექსპერტია. კომისია თანამდებობის პირებს მხოლოდ სიღრმისეულად ამოწმებს, მაგრამ ჯერჯერობით არავის ათავისუფლებენ.

რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურში აცხადებენ, რომ ვეტინგის წარმატებით ჩატარებაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული მოლდოვის წინსვლა ევროკავშირის გზაზე.

უკრაინასთან ერთად, მოლდოვა საქართველოს ერთი ნაბიჯით უსწრებს წინ. ეს ორი ქვეყანა და ბოსნია-ჰერცეგოვინა ევროპულმა საბჭომ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადაიყვანა.

„ოცნება“ ბოდიშს ითხოვს

28 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ, ვიდრე ვეტინგზე იმსჯელებენ, ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, მათ საერთაშორისო დონორებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოდიში აქვთ მოსახდელი - მოსამართლეებზე „ორკესტრირებული თავდასხმისთვის“. სპიკერმა ახსენა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეც, რომლის გამოც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თუ მათი მოკავშირეები უპირისპირდებოდნენ აშშ-ის ყოფილ ელჩს, კელი დეგნანს.

„როცა ვსაუბრობთ ევროპულ სტანდარტზე, ეს არის სტანდარტი, რომ ადამიანის მორალურ განადგურებაში იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული? დღეს არავინ არც კი კადრულობს, რომ ბოდიში მოიხადონ. სანამ ვინმე სიტყვა ვეტინგს ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში, მათ, მათ ოჯახებს აყენებდნენ მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ, ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სასამართლოსთან დაკავშირებით“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ბოლო დროს ხშირად უპირისპირდება საერთაშორისო პარტნიორებს.

ვეტინგის პერსპექტივის გამო თავდასხმაზე გადავიდა სასამართლო სისტემა.

24 მარტს, ვეტინგის სისტემა მოსამართლეთა კონფერენციამაც დაგმო და, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ერთხმად დაუჭირა მხარი უზენაესი სასამართლოს მიერ მანამდე გავრცელებულ განცხადებას,
„სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. „ვეტინგი“ ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას“.

უზენაესი სასამართლოს პლენუმის განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ვეტინგი „ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი“.

23 მარტს, მოსამართლეთა კონფერენციის წინა დღით, 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა თითოეულ მოსამართლეს, რომ „არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ".

უზენაესი სასამართლოს განცხადებას არ დაეთანხმა და არ შეუერთდა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე - ნონა ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი.

ვეტინგის სისტემას არ ეწინააღმდეგება ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან მესხიშვილი.

სისტემის პოზიციის წინააღმდეგ გამოსული მოსამართლეები გააკრიტიკეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი მიქაუტაძემ; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, მოქმედმა მოსამართლე - სერგო მეთოფიშვილმა და სხვებმა.

"ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში თანამდებობის პირების კომენტარებით, რომლებიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები სასამართლო სისტემაში გადამოწმების პოტენციურ მექანიზმთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა", - წერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო 22 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასში აღნიშნულია ასევე, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს "მნიშვნელოვანი რეფორმების წინსვლას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ".

22 მარტის განცხადებაში პიტერ სტანომ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის ჩათვლით, ევროკომისიის ერთ-ერთ საკვანძო რეკომენდაციას წარმოადგენს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG