Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარლონ ბრანდო - 100


მარლონ ბრანდო ფილმ „ნათლიას“ პოსტერზე
მარლონ ბრანდო ფილმ „ნათლიას“ პოსტერზე

3 აპრილს ჰოლივუდის ლეგენდა, ქარიზმის თავისებური ეტალონი კინოს ისტორიაში, მარლონ ბრანდო 100 წლის გახდებოდა.

„ნათლია“ (აშშ, რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა)

რამდენი წიგნი დაწერილა ბრანდოზე, მისი, როგორც პიროვნების და როგორც არტისტის რამდენი ურთიერთგამომრიცხავი შეფასება გვახსოვს, მაგრამ, ვფიქრობ, კინოს და თეატრის სამყარო ჯერ კიდევ ვერ ჩასწვდა ბრანდოს ოსტატობის საიდუმლოს, ჯერ კიდევ ვერ დააფასა მისი როლი ჰოლივუდის და შესაძლებელია, მთელი მსოფლიო კინოს ისტორიაში.

მე პირადად ბრანდო ყოველთვის მაკლია, როცა „ოსკარის“ დაჯილდოების რეპორტაჟს ვუყურებ. ჰოლივუდის ახალი თოჯინების ბანალური მადლობები მახსენებს ჩემი სიყმაწვილის ერთ-ერთ მთავარ შთაბეჭდილებას - მის უარს ამერიკის კინოაკადემიის პრემიაზე 1973 წელს, ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლიაში“ განსახიერებული როლისთვის. იმხანად საბჭოთა ტელევიზია ლამის კვირაში ერთხელ ატრიალებდა გამოსვლას ინდიელი აქტივისტის, საშინ ლითფეზერისა, რომელმაც „აკადემიკოსებს“ და საერთოდ მთელ მსოფლიოს მარლონ ბრანდოს გზავნილი გააცნო - მსახიობმა პროტესტი გამოუცხადა იქაურ ტელე- და კინოინდუსტრიას ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო.

საბჭოთა ხელისუფლებამ ბრანდო გმირად გამოაცხადა, მაგრამ კოპოლას ფილმი მაინც არ უჩვენა მაყურებელს. ცოტა ხანში მოეწყო „ნათლიას“ დახურული სეანსი თბილისის კინოს სახლში - სრულიად უხარისხოდ გადაბეჭდილ შავ-თეთრ ფირზე. შენობას ცხენოსანი მილიცია იცავდა. რუსი „გამხმოვანებელი“, რომელიც ფილმის პირატულ ასლს მოსკოვიდან ჩამოჰყვა, მთლიანად ფარავდა ცოცხალ დიალოგებს. მარლონ ბრანდოს გაბზარული ხმა, რომელიც უმნიშვნელოვანესია დონ ვიტო კორლეონეს სახის შექმნაში, დარბაზს არ ესმოდა. მაგრამ ხმა არც გვჭირდებოდა. ფილმის პირველსავე ეპიზოდში ნათელი გახდა, რომ დიდ არტისტს არათუ უხმოდ, არამედ ზურგითაც შეუძლია თამაში.

კინო ვისაც გვიყვარდა, ვიცოდით, რომ ბრანდომ ჯერ კიდევ 50-იან წლებში შეცვალა წარმოდგენა კინომსახიობის ხელოვნებაზე. მისთვის ტექნიკის დემონსტრირება არ იყო საკმარისი ხასიათის გასახსნელად. მსახიობი, რომელსაც კინომაყურებელი ახლოდან ხედავს, პირველ რიგში საინტერესო უნდა ყოფილიყო როგორც პიროვნება... და სწორედ აქ ჩართო მან თავისი ამოუცნობი ხასიათი, უხეშობა და სინაზე, ცინიზმი და ემპათიურობა ერთად. ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში გადაღებამდე მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად დაეცა. მაგრამ „ნათლიამ“, ბრანდოს ინტერპრეტაციამ, რომელიც ყოველგვარ კარიკატურულობას და „ტექნიციზმსაა“ მოკლებული, არტისტი ჰოლივუდის მონუმენტური გმირი გახადა, დიდი სოციალურ-ისტორიული ფრესკის პერსონაჟი.

ასე აღვიქვით მაშინ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმი - გაგანია საბჭოეთში. წლების შემდეგ, როცა კომუნისტურმა სისტემამ ნგრევა დაიწყო და „ნათლია“ შეიძინეს კინოთეატრებში ჩვენებისთვის, ჩემთვის პირადად კოპოლას ფილმმა მხატვრული ღირებულება დაკარგა. საქართველო ნგრევას, ომებს, კანონგარეშე ცხოვრებას მიუახლოვდა. „ასპროცენტიანი კაცის“ კულტი ლამის რელიგიად იქცა, ავაზაკი კი - ავტორიტეტად. ამის ფონზე, „ნათლია“ და ახალი განგსტერული ფილმები (განსაკუთრებით „ერთხელ ამერიკაში“) ძალადობის რომანტიზაციას უფრო ჰგავდა. ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სცენაც კი, წარმოდგენილი პარალელური მონტაჟით (ნათლობა და სასტიკი მკვლელობა), მეტისმეტად მოძველებურად მეჩვენებოდა.

ამასობაში ქვეყანა მეტ-ნაკლებად დალაგდა. ავაზაკები გაიქცნენ ან დაიხოცნენ. თუმცა საქართველოში საზოგადოების გახლეჩის, სუსტის დაჩაგვრის და, რაც მთავარია, პატრიარქალიზმისა და ზევიდან მმართველობის მავნე ტრადიცია არ მოშლილა. ახლა უკვე მისი კონსტიტუციით დაკანონებაც მოისურვეს.

დღეს სულ სხვანაირად აღიქმება კოპოლას „ნათლია“; ფილმი, რომლის გმირები გვარწმუნებენ, რომ ოჯახის ერთიანობის და ღირსების შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლეში („კაცი კაცად მაშინ დაფასდება, როცა ოჯახზე იწყებს ზრუნვას“, - ამბობს დონ ვიტო), გადაიქცევა ოჯახის იდეის თავისებურ რეკვიემად.

კოპოლა თანმიმდევრულად, ისე, რომ ფილმში ერთი ეპიზოდიც კი არაა ზედმეტი, ავითარებს ამერიკული კინოსთვის ტრადიციულ ღირსების თემას. ბრანდოს გმირი აქ კლანის ღმერთია, რომელიც ოჯახის წევრების მორალს „აკონტროლებს“. „დაცემა“ (გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, წარმოდგენილი შექსპირის ტრაგედიების სტილში) დაიწყება მაშინ, როცა კლანის წევრი ისტორიას, რეალური ცხოვრების განვითარებას დაუპირისპირდება. ოჯახის ყველა წევრი ხიფათის ქვეშ აღმოჩნდება, როცა გარემოება აიძულებს დატოვოს ეს სივრცე. მამა, რომელიც ოჯახის გადარჩენას ცდილობს, საბოლოოდ, ვერ გადაარჩენს საკუთარ შვილს.

არ დაგვავიწყდეს, რომ მარიო პიუზოს წიგნი, რომლის ეკრანიზაციაა კოპოლას ფილმი, 1969 წელსაა დაწერილი, ჰიპების მოძრაობის პოპულარობის ხანაში. მაგრამ ფილმი 3 წლის შემდეგაა გადაღებული, ნეოკონსერვატორული ტალღის გაძლიერების ეპოქაში, როცა ოჯახი ლამის ქვეყნის და ერის უჯრედად აღიქმება.

მაგრამ კოპოლა ძლიერ, უშიშარ, ნებისყოფით და რწმენით აღსავსე პატრიარქს, „ოჯახის მამას“ წარმოგვიდგენს განგსტერად, მოძალადედ, ხოლო მთელ ამ სოციალურ-ისტორიულ ფრესკას, ერთგვარ „ოპერას სიმღერის გარეშე“, გამდიდრებულს ბიბლიური მოტივებითა და „ფაუსტური“ ფინალით, დახატავს, როგორც ჯოჯოხეთში შეღწევას, როგორც სამყაროს, სადაც ბოროტება და ძალადობა მართლაც ბანალური ხდება, როცა ამისათვის არავინ ისჯება.

კოპოლას ფილმში გათამაშებული ორი ბანდიტური კლანის ბრძოლა, „ბუნებრივი გადარჩევის კანონით“ ვითარდება. იცოცხლებს ის, ვინც მარტო არ არის. ამიტომაც ხიფათის წინაშე მყოფი ადამიანი იძულებულია თავი შეაფაროს ამ „ძლიერთ“, დამორჩილდეს მათ... და ასე, მონობაში გაატაროს მთელი სიცოცხლე.

„ნათლიას“ პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ მარლონ ბრანდოს ისევ იტალიელი რეჟისორი გადაიღებს - ბერნარდო ბერტოლუჩი, თავის სკანდალურ ფილმში „უკანასკნელი ტანგო პარიზში“. აქ ბრანდოს გმირი, ერთგვარი მსხვერპლი სწორედ ოჯახური ტრაგედიისა, საჯდომს უჩვენებს ერთფეროვან მასას, თოჯინებად ქცეულ პარიზელებს და შესაძლებელია ყველას, ვისაც განსხვავებული ცხოვრება ვერ გაუბედავს. ფრენსის ფორდ კოპოლა კი გადაიღებს თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს „საუბარი“(ან „მოსმენა“) - კიდევ ერთ იგავს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხაფანგში მოიქციო თავი, როცა მორჩილად ასრულებ „ზევიდან“ მიღებულ დავალებებს და სხვისი ცხოვრების „მოსმენა“ შენი არსებობის წესი ხდება.

უყურეთ „ნათლიას“ ამ ორ ფილმთან ერთად და გარწმუნებთ, ფრენსის ფორდ კოპოლას შედევრს სრულიად ახლებურად აღიქვამთ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG